გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა უნივერსიტეტზე და უნივერსიტეტელებზე გადის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო ქართული მეცნიერების, სულიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი სახლემწიფოს განვითარების და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ადგილი.
„მაშინაც კი, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, სწორედ აქ უნივერსიტეტის კედლებში ცოცხლობდა დამოუკიდებელი საქართველოს იდეა. სწორედ აქ, უნივერსიტეტის კედლებიდან სტუდენტები და პროფესურა იწყებდა იმ მოძრაობას, რომელმაც 25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა.
წელს ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიდის. თავისუფლებისკენ როგორც საკუთარი თავის, საკუთარი იდენტობის, საკუთარი გზის შეცნობისა და ამ გზის გავლის უნარისკენ.
მე მინდა სწორედ აქ, უნივერსიტეტში ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სწორედ უნივერსიტეტის და განათლებული ადამიანების დისკუსიის შედეგად მივაღწევთ.
ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ევროპულ სახელმწიფოებრიობაზე, ევროპულ კულტურაზე და იმაზე, რომ საქართველო ამ კულტურის ნაწილია, ჩვენ ისიც უნდა ხაზგასმით გავიხსენოთ, რომ ევროპა სწორედ საუნივერსიტეტო ცხოვრების ირგვლივ შეიქმნა. ის სულიერი დებატები, რაც ხორციელდებოდა ევროპის ისტორიაში, სწორედ პირველი უნივერსიტეტების წიაღში ხორციელდებოდა.
შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა ნამდვილად უნივერსიტეტზე, უნივერსიტეტელებზე გადის.
მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ როდესაც 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე, ვსაუბრობდი იმაზეც, რომ უნდა გაძლიერდნენ განათლების კერები და გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა განათლების სისტემის მიმართ.
მე გულწრფელად მჯერა, რომ თქვენი ხმა ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად უნდა ისმოდეს. მე მწამს, რომ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს დებატები ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ისმოდეს სტუდენტების და პროფესურის ხმა.
არა მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, არამედ შეხედულებები, შეფასებები, შეწონვა მნიშვნელოვანწილად თქვენგან უნდა მოდიოდეს, პროფესორებისგან, სტუდენტებისგან, რადგან განათლება ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცოდნა და განათლება მთელი საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახდეს.
ბოლოს, დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს იუბილე, გითხრათ, რომ მინდა ძალიან აქტიურად ჩატარდეს მომავალი წელი, როდესაც ჩვენ ასი წლის იუბილეს გადაუხდით ჩვენს მშობლიურ უნივერსიტეტს და მთელს საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
მინდა კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი დოკუმენტია, რომლის ირგვლივაც ხორციელდება ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, ეს კონსტიტუცია გადავცე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და ბატონ რექტორს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.