გიორგი მარგველაშვილი - ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური, სამხედრო ხელმძღვანელობისა და საზოგადოების გაერთიანებაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, "სტრატეგიული დისკუსიის" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში მედეგობის მიღწევის მექანიზმებზე ისაუბრა და ამ პროცესში პოლიტიკური, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როცა ვსაუბრობთ ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ მედეგობაზე, ამ მომენტში ვიძენთ უნარს გვერდზე გადავდოთ განსხვავებები პოლიტიკურ შეხედულებები და გავერთიანდეთ ქვეყნის დაცვისათვის, ავამუშაოთ ის მექანიზმები, რომელებიც მისცემს შესაძლებლობას საზოგადოებას ჩაერთოს ქვეყნის თავდაცვის პროცესში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს არის პროცესები, როცა თითოეულმა მოქალაქემ, არა მხოლოდ პატრიოტიზმით - არამედ მეტი ინფორმირებულობით უნდა იცოდეს რა პოზიცია უნდა დაიკავოს.
"მოქალაქეთა ინფორმირებულობა ძლიერი იარაღია - მნიშვნელოვანია ავაგოთ ეფექტური კომუნიკაციური ჯაჭვი მოქალაქეებს, პოლიტიკურ, სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული სახელმწიფოა, ეს ჩვენი სიძლიერის ნაწილია, დავრჩეთ დამოუკიდებელ ერად. უნდა ამოვიდეთ მთავარი პოსტულატიდან - ომს არ იგებენ მხოლოდ არმიები - ომს იგებს არმია და საზოგადოება ერთად.
ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა განვამტკიცოთ არმიისა და საზოგადოების ერთიანობა - როგორ გავიაზროთ ჩვენი როლი და ავამაღლოთ ჩვენი მედეგობა შესაძლო გართულებებთან მიმართებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა ერთიან ეროვნულ მიდგომაზე და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გახსნან შესაძლებლობა, რომ საზოგადოება სხვადასხვა ფორმით ჩადგეს ქვეყნის სამსახურში.
"მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდეს, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ერთიანობას, ამ შემთხვევაში, წითელი ხაზები არავინ გადალახოს.
პოლიტიკური ჭიდილი დემოკრატიის ტოლფასია, ყველამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური მრწამსი მაგრამ, როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე ერთიანნი უნდა ვიყოთ. უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილი მასმედიაა და უაღრესად მნიშვნელოვანია, მისი როლი ეროვნული მედეგობის პროცესში.
"სწორედ მომზადებული, კვალიფიციური სწრაფად მორეაგირე და უკვე ინტუიტურად ამ პროცესში ჩამდგარი მასობრივი საშუალებები, დღესაც და მომავალშიც იქნება ერთერთი ბერკეტი და ფუნდამენტი ჩვენი საზოგადოების მედეგობისა, როგორც კრიზისების მიმართ, ასევე კრიზისების გამომწვევი ცალკეული, პროვოკაციების, ან პროვოკაციის მცდელობების მიმართ. ჩვენ ამ ჯაჭვში ნამდვილად წინ ვართ ჩვენს მოწინააღმდეგეზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ჩვენ გვყავს ამ თემაზე ორიენტირებული გამოწრთობილი მასმედია, ჟურნალისტთა კორპუსი, რომელმაც ზუსტად იცის სად დაინახოს ამა თუ იმ საკითხის სისუსტე და სირთულე, ასევე, როგორ მოახდინოს საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური ძალების მობილიზაცია.
"ამიტომ როდესაც საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, ხარისხობრივად ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა. ჯერ საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა საქართველოს ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე.
ეს არის ის ფაქტი, რომელიც ჩვენს ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. ნამდვილად, ქართული საზოგადოება, მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით მოგებულია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამავე კონტექსტში საქარველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური სისტემების გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა.
"პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიძლიერე გამომდინარეობს არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების პიროვნული თვისებებიდან, არამედ გამომდინარეობს იმ სტაბილური ინსტიტუტებიდან, რომლებიც ამ ადამიანებს ამუშავებს ეფექტურად. აქ ვიყავით შარშან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ეროვნული უშიშროების საბჭოს საკითხზე საქართველოს კონსტიტუციაში. ეროვნული უშიშროების საბჭო არის სწორედ ის ადგილი, სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი მიმართულებებით. ვისთვისაც ეს არის ჯერ კიდევ გაუგებარი, გადაწყვეტილების მიღება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: ინფორმაციის მოგროვება, ინფორმაციის ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. უბრალოდ ინფორმაციის ანალიზი არ არის თავისთავად გადაწყვეტილება. სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს მსგავსი კოლეგიალური ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებით არის უზრუნველყოფილი ერთიანი სისტემა, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სწორედ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ირგვლივ აერთიანებს. ჩვენ უნდა გვქონდეს თანხმობა უმაღლესი ღირებულებების თაობაზე, ინფორმირებულები ვიყოთ  იმის შესახებ, რომ თუ ამ ღირებულებებს პრობლემა შეექმნა, როგორ უნდა იმოქმედოს თითოეულმა ჩვენგანმა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სტრატეგიული დისკუსია - "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2016 წელს შექმნილი "სტრატეგიული დისკუსიის" მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხებზე.