გიორგი მარგველაშვილი - ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, როგორც აზიასა და ევროპას თანამშრომლობის შემქმნელ და უზრუნველმყოფელ ქვეყანას, დაეფიქსირებინა თავისი უმნიშვნელოვანესი როლი

"ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც აზიასა და ევროპას შორის ურთიერთობის, სავაჭრო გზებისა და თანამშრომლობის შემქმნელ და უზრუნველმყოფელ ქვეყანას", - ასე შეაფასა ქართულ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვიზიტი და თურქმენეთში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა.
 
"გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით და გვესაუბრა ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტებთან. გამოვყოფდი ჩემს საუბარს ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან.
 
თურქმენეთთან ჩვენ, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის გლობალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავ ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხსნის შესაძლებლობებს რეგიონების თანამშრომლობისათვის'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
რაც შეეხება გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია გაეროს გენმდივანს, იმ ანექსიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში; ასევე, იმ ე.წ. „ხელშეკრულებების“ თაობაზე, რომლებიც შარშან იყო დადებული ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც, ფაქტიურად, ოკუპაციას მცოცავად წინ სწევს.
 
"მე, კიდევ ერთხელ, მომეცა შესაძლებლობა მომესმინა გაეროს გენერალური მდივნისგან შეშფოთება და დაინტერესება ამ ისტორიული უსამართლობის თაობაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან,  ასევე თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთან.