გიორგი მარგველაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა.მხარეებმა საქართველო-ლიტვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია იყო. შეხვედრისას ასევე ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ყურადღება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, კერძოდ NATO-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.
ლინას ლინკევიჩიუსმა ქართულ მხარეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერა დაუდასტურა.
ლინას ლინკევიჩიუსი 7-8 სექტემბერს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომლის დროსაც მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია განიხილება.