გიორგი მარგველაშვილი - მადლობა ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის

ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. საზეიმო მიღებას ესტონეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელიც ესტონელ და ქართველ ხალხს აკავშირებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გაჭირვებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ამაღელვებელია, როდესაც ერთად ვზეიმობთ და ერთმანეთს საუკეთესო ემოციებს ვუზიარებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის. ასევე მადლობა თქვენ, რასაც ევროპის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის აკეთებთ.
მე უზომოდ მოხარული ვარ დღეს ამ ქალაქში ყოფნით და შესაძლებლობით, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობრებს იმისთვის, რასაც ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აკეთებენ ასი წლის წინ და რასაც აკეთებდნენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის იმ გამორჩეული თანადგომისათვის რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ესტონეთის მხრიდან.
„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი როლი ამ პროცესში, საქართველოს ისტორიული მდებარეობისკენ და იდენტობისკენ მიმავალ გზაზე შეუძლებელია, რომ სათანადოდ არ დაფასდეს. დღეს ძალინ გულწრფელად გითხარით,  თქვენ ამტკიცებთ, რომ არ არსებობენ დიდი და პატარა ქვეყნები, არამედ არსებობენ დიდი და პატარა პოლიტიკოსები. როდესაც პოლიტიკოსებს გააჩნიათ ხედვა, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკა და რამდენად ძლიერია ქვეყნის სამხედრო ძალა, სწორედ ეს ხედვები აყალიბებს და ცვლის კაცობრიობის მომავალს.
ქართველები და ესტონელები საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ეს ხედვები აისახება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით - თავისუფლების სიყვარული. ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავი და სიცოცხლე სრულად მივუძღვნათ ამ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, შეუძლებელია, რომ პატივს არ სცემდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, რადგან ეს ღირებულება უნივერსალურია და აერთიანებს ადამიანების გულებს და ემოციებს. საქართველო და ესტონეთი ერთად ემსახურებიან ამ მიზანს. მინდა მოგილოცოთ და თითოეულ თქვენგანთან ერთად ვიზეიმო საქართველოს და ესტონეთის ასი წლის იუბილე. ეს იყო დრო, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და დღეს ვემსახურებით მის შენარჩუნებას და მისთვის ბრძოლას. “ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთის მტკიცე მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომელსაც ეს ისტორიული კავშირები ემყარება. კერსტი კალიულაიდიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართველ ხალხს და ასევე გავიხსენო სამწუხარო ფაქტი, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის 10 წლის თავი. ჩვენ არ დავნებდებით იმ იმედით, რომ საქართველო შეძლებს დამოუკიდებლობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასობაში ჩვენ განვაგრძობთ თქვენი მოსაზრებების ღიად და გულწრფელად გამოხატვას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ჩვენი დამოუკიდებლობის ასაღდგენად. იმ დროს ჩვენს ხალხს მოთმინება, სტრატეგიული მოთმინება გააჩნდა, სანამ წარმატებას მიაღწევდნენ. ეს უნდა გვახსოვდეს და იმედს გვაძლევდეს. ამ პროცესს რომ დრო სჭირდება უნდა შევახსენოთ მათ, ვინც იმედს კარგავს. მანამდე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცი, რომ თქვენც ყველაფერს აკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე. ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ გეხმარებით და გთხოვთ, რომ იმედი არ გაგვიცრუოთ და განაგრძოთ რეფორმების გზა, რომელიც აირჩიეთ. გთხოვთ, განაგრძოთ იმის ჩვენება, რომ თქვენ წარმატებულნი ხართ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, როგორზეც სხვა ევროპის ქვეყნები იკითხავენ, თუ რატომ არ არის ის ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ სწორედ ეს დაისახეთ მიზნად და ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროგრესის მომსწრე გავხდებით.
ჩვენ ერთად ვდგავართ და თქვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ევროკავშირთან. ჩვენ ასევე ერთად ვართ ნატო-ს სამიტისთვის სამზადისში იმ იმედით, რომ ის თავდაცვის სფეროში ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გარანტიების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის,“- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა
საზეიმო მიღებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოფენა და ასევე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბოლო ასი წლის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ასახავს. ამასთან, ტალინში რამდენიმე დღის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.
მიღებაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციის მონაწილეობისთვის.