გიორგი მარგველაშვილი - მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ევროკომისიის ანგარიშზე - ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

“მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.
 
საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. ამ ერთიანობამ ქვეყანას მოუტანა ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისათვის.
 
დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.
 
ჩვენი ამოცანაა ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად.
 
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება იქნება კვლავაც ერთიანი ჩვენი ევროპული არჩევანის ხორცშესხმისათვის.
 
ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!
 
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნის რეალიზებას უკავშირდება“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.