გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ერთ საზოგადოებად გაერთიანებული, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები აშენებდნენ და აშენებენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა და ტოლერანტობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსულ -ქართულ ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართველები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი წარსულითა და ისტორიით, რომელსაც მრავალი ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები გვერდიგვერდ, ერთ საზოგადოებაში გაერთიანებულნი ქმნიდნენ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ტოლერანტობის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ თემს აქვს მრავალი საუკუნეების განმავლობაში და არ არსებობს არცერთი ფაქტი მათი დაჩაგვრის ან, უფლებების დარღვევის.
"მე ვესაუბრები მომავალ ლიდერებს, მომავალ თაობას, რომელსაც აქვს სურვილი და მზაობა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნების, ევროპის და მთლიანად ცივილიზაციის მომავალი.
ტოლერანტობისა და მიმტევებლობის ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მუშაობს სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. რასაც უნდა აკეთებდეთ, ან უნდა გააკეთოთ, უნდა გვახსოვდეს არა მარტო პოლიტიკური დღისწესრიგის თვალსაზრისით, არამედ სიღრმისეულად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი, უნდა იყოს ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.
თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, თუ არ დაიცავთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, იმ ადამიანების თავისუფლებას, რომლებთან ერთად ცხოვრობთ, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ. თქვენი ამოცანა უნდა იყოს დაიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში თანამოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები და ნებისმიერ შანსს, რომელსაც თქვენ გაუშვებთ, ამ თვალსაზრისით, ეს გახლავთ მომენტი, როდესაც თქვენ დაკარგავთ თქვენს ლიდერობას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხით, რა სარგებელი იქნება ევროკავშირისთვის საქარველოს წევრობა, რა შეიძლება ასწავლოს საქართველომ ევროპას, რა არის ევროკავშირისათვის საქართველოში არსებული სოციალურ-ეკნომიკური, პოლიტიკური გამოწვევა.