გიორგი მარგველაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით რუსეთი ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინოს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალურ ფორუმზე 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა:ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე დასწრების და პატივცემულ საზოგადოებასთან და მეგობრებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, ასეთი მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების საშუალებისთვის.
მე მოვისმინე მრავალი ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია და მოსაზრება და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენც ძირითადად იმავე საზრუნავს ვიზიარებთ.
ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სტაბილურობასთან და იმ საერთაშორისო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია კონფლიქტებისა და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. 30 წლის წინ, ცივი ომის დასრულებისას მსოფლიოს მომავალი ბევრად უფრო ოპტიმისტურად წარმოგვედგინა.
ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ცივი ომის დასრულება მსოფლიოს მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანდა, ხოლო გლობალიზაცია მეტ თანამშრომლობას და შესაძლებლობას ვაჭრობის, თანამეგობრობის და კულტურათა დიალოგის სფეროში, მაგრამ ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა.
დღეს ჩვენ ვხედავთ ტერორიზმით, ტანჯვით, მასობრივი განადგურებით და ომებით აღსავსე სამყაროს და ვფიქრობთ, თუ როგორ გავხადოთ არსებული პროცესები უფრო სტაბილური და მშვიდობიანი.
ჩემი ქვეყანა გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის მონაწილეა; პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელებულა.
ჩვენ გვჯერა, ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის, რათა დავიცვათ არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალური სტაბილურობა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში თითოეული ქვეყნის სტაბილურობაზე აისახება.
ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და აფრიკაში და გვჯერა, რომ ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო სტაბილურს გახდის საქართველოს.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველო სამწუხარო მაგალითია იმ საერთაშორისო ურთიერთობების თვალთმაქცობის, რომელიც პრივილეგირებული ინტერესების სფეროს კონცეფციაზეა აგებული.
საქართველო ოკუპირებულია მეზობელი, ძალიან ძლიერი, ბირთვული სახემწიფოს, რუსეთის მიერ.
რუსულმა არმიამ ოკუპაცია 2008 წელს დაიწყო, თუმცა საქართველო მანამდეც, 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებისასაც იყო ჰიბრიდული ომის მსხვერპლი.
ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, დაზარალებულია მეზობელი ქვეყნის მიერ. ეს ის ფაქტია, რომელსაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფაქტის აღიარება მიგვიყვანს უფრო ნათელ გადაწყვეტილებებსა თუ ხედვებამდე.
რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიუთითებს საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო გლობალური წესრიგის დარღვეულობაზე.
ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია ამ პოლიტიკის და იმ რწმენის შედეგად, რომ რუსეთს გააჩნია მეზობელ ქვეყნებზე ძალადობის უფლება.
ერთია რუსეთის განცხადება და მეორე იმ ქვეყნების მკაფიო რეაქცია ამ მიუღებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებსაც სჯერათ საერთაშორისო ურთირთობების და გლობალური უსაფრთოხების.
მე არ მიმაჩნია, რომ 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის და შემდეგ უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის პერიოდში თითოეული ჩვენთაგანის რეაქცია სათანადოდ მკვეთრი იყო. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუპასუხოთ გლობალიზებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებულ ტერორიზმის, ჰიბრიდული ომის და არათანაბარი ძალაუფლების გამოწვევებს, რადგან ეს გამოწვევები საფრთხეს წარმოადგენს თითოეული იმ ქვეყნისთვის, რომელიც უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს.
ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის აგრესიის დაგმობისას ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გულახდილნი და არა თვალთმაქცნი, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად ძლიერი, თუ ნაკლებად ძლიერი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ხორციელდება აგრესია მეზობლის მიმართ.
გუშინ, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში განწესდა ე.წ. არმია, რომელიც რუსულ სამხედრო კონტროლს ექვემდებარება. ეს არის ის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების დაცინვას ცდილობს.
შესაბამისად, მჯერა, რომ მომავალი სტაბილურობა ასეთი შემთხვევების მიმართ ჩვენს გულწრფელ რეაქციაში მდგომარეობს.
მდგომარეობს ასევე ჩვენს კრიტიკულობაში, პირდაპირობაში და იმ რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მსოფლიოს მომავალი სტაბილურობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართალის ერთგულნი და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი.
სწორედ ამას აკეთებს საქართველო რეგიონში.
ჩვენ ვართ აზერბაიჯანის, თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის ის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მათ საკუთარი შესაძლებლობების და სამომავლო საკეთილდღეო პროექტების განხორციელებას სთავაზობს.