გიორგი მარგველაშვილი - ქართული პროდუქციის შეძენით, ყოველდღიური პატრიოტიზმით ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანი ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს- ქართველ მწარმოებლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვე ქართული“ ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორია.
„კამპანიით „მოითხოვე ქართული“ შევუერთდით ტარიელ ზივზივაძისა და გოგა ჩანადირის უკვე დაწყებულ ინიციატივას, რომლის მიზანიც ეროვნული წარმოების წახალისებაა.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით დაიძლიოს.
ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება, ეს ერთგვარად, ალბათ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტული სულისკვეთების შემცველია.
ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმია თუნდაც პროდუქტის შეძენის პროცესში ქართული პროდუქციის არჩევა, რომლის სულისკვეთებასაც თავისთავად დადებითი შინაარსი გააჩნია და დიდი შედეგის მომტანია”, - განაცხადა ბარათის პრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაგროვებითი ბარათის მოხმარებით და ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმით ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ეროვნული, ძლიერი წარმოების განვითარებას დავუჭერთ მხარს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი აბაშიშვილს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ააიპ „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „უნიქარდი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“ და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.
როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული“ წარმომადგენელმა ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. "ქართულები“ დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.
ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. "მოითხოვე ქართული“ არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი, რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე moitkhove.ge