გიორგი მარგველაშვილი - საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე დგას და ჩვენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას ამერიკის მაგალითით ვავითარებთ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ “ამბასადორთა ფორუმს” დაესწრო.საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს ემოციური, მნიშვნელოვანი, ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ საქართველომ და ამერიკამ საფუძველი ჩაუყარეს სტრატეგიულ მეგობრობას, რომელიც მრავალრიცხოვან, მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობებში გადაიზარდა.
როგორგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ქართველებს და ამერიკელებს ბევრი ღირებულება აერთიანებთ - თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ერების თავისუფალი არჩევანის უფლება, რომელშიც მხარს უჭერენ ერთმანეთს.
საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა ის ქართველი და ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ერთად იბრძვიან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ამ უდიდეს მიზანს.
საქართველოს პრეზიდენტმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ამერიკელ მეგობრებთან ერთად 25 წლის განმავლობაში მიაღწია და მიღწევებს შორის, გიორგი მარგველაშვლმა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა დაასახელა.
“ჩვენ მივაღწიეთ და გადავდგით შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კავშირებში ინტეგრაციისათვის; და, ჭეშმარიტად, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ამ გზაზე.
მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ საერთაშორისო არენაზე. ამერიკელ მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად მივაღწიეთ გამარჯვებას არაღიარების პოლიტიკაში.
მთელს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც იღებს, ან კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
“უნდა ვიყოთ ერთიანები, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების დაცვას. რუსეთის საგარეო და აგრესიულმა პოლიტიკამ მისი რეგიონებისა და მისი მეზობლების წინააღმდეგ, აშკარად აჩვენა, რომ საქართველო არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, და უკრაინასა და სირიაში შექმნილი კრიზისების შემდეგ, ვხედავთ, რომ აზრი იმის შესახებ, რომ ამ თვალსაზრისით შეიძლებოდა რუსეთის გარკვეულწილად პატიება, არასწორი იყო. ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ და ერთ აზრზე ვიდგეთ, როდესაც ვხედავთ აგრესიას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიმდინარე წელი დაიწყო წამყვანი ამერიკელი სენატორების ვიზიტით, რომლებმაც ნათლად განსაზღვრეს და აჩვენეს, რამდენად მტკიცედ დგას საქართველო და ამერიკა საერთო გზაზე და აქვთ საერთო ღირებულებები.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და საქართველო საკუთარ სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიას მნიშვნელოვანწილად ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითით ავითარებს.
“ჩვენ გვსურს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც არის ძლიერი ინსტიტუტები, რეალურად მოქმედებს დემოკრატია და, სადაც ხალხი გაერთიანებულია საერთო მიზნით- ჰქონდეთ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება.
ამერკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორი და მხარს უჭერდა საქართველოს ამ გზაზე” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს საქართველოში ფორუმის ორგანიზებისა და საპატიო სტუმრების მოწვევისათვის, როგორიცაა რიჩარდ მაილსი, ვილიამ ქორთნი და კენეტ იალოვიცი.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასევე, საქართველოს პარტნიორებს, ექსპერტებს, სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს და იმ ქართველებსაც, რომლებიც წლებია მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ "ამბასადორთა ფორუმს", რომელსაც აშშ-ის საელჩო მასპინძლობდა, ესწრებოდნენ: პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ასევე მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებიც რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 - აგვისტო 2005), კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 - ივნისი 2001), ვილიამ ქორთნი (სექტემბერი 1995 - აგვისტო 1997), ასევე ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დევიზია - "შეერთებული შტატები და საქართველო - საერთო წარსული, საერთო მომავალი".