გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და უკრაინა ურთიერთობების ახალ ეტაპზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადადიან
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისათვის, ვიზიტს უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო - უკრაინის ურთიერთობები მაღალი დონის ვიზიტების და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.
„ამ ვიზიტით პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას.
ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90 -იან წლებში და 2008 -ში ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, მოაქვს ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს. ამავე დროს თქვენ იმყოფებით საქართველოში, საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, საქართველოში, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, ორიენტირებულია მეგობრობაზე და ორიენტირებულია საერთაშორისო პროექტების და თანამშრომლობის გაძლიერებაზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველო - უკრაინის ერთობლივი, აქტიური პოლიტიკა საერთშორისო არენაზე.
„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს იმ აქტიური პოზიციისათვის, საქართველოს პრობლემატიკის აქტიური წარმოჩენისათვის, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები საერთაშორისო ფორუმებზე ახორციელებენ.
ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, პირადად ბატონ პრეზიდენტთან, რომ ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები ჩვენს ერთობლივ მესიჯებში, ჩვენს ერთობლივ პოზიციებში და მოვითხოვთ კიდევ უფრო აქტიურად საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე და იმ თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, ბევრ შესაძლებლობას იძლევა ამ თვალსაზრისით და უკრაინასთან საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების - „ზუბრის“ და „ვიკინგის“ ფარგლებში თანამშრომლობა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ, უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე სამხედრო სფეროში და ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაცვის ნაწილზეც, შავი ზღვის თემატიკაზე უფრო ახლო კოორდინაციის საკითხებზე”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის და განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები არიან, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიმყოფებოდე აქ, თბილისში იმ დროს, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ.
ჩვენ ასი წლის წინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა - უკრაინამაც და საქართველომაც. მით უფრო საპასუხისმგებლოა ჩვენი ქმედებები ახლა, რათა შევინარჩუნოთ, დავიცვათ უკრაინული და ქართული სუვერენიტეტი, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობა, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია.
ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის საფრთხეები ერთი და იგივეა და ჩვენ ეს უფრო გვაახლოებს. უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. ასე იყო 2008 და 2014 წლებშიც და ახლაც“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი ურთიერთობები აყალიბებენ ისტორიულ დოკუმენტს - დეკლარაციას უკრაინას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
„ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ქვეყნების ხელმძღვანელობებსა და ხალხებს შორის. სტრატეგიული პარტნიორობა განპირობებულია ასევე, ერთობლივი გამოწვევებით და საფრთხეებით.
დიდ მადლობას ვუხდი ამ პარტნიორობისთვის ამ ინსტიტუტების და მექანიზმების სისტემისთვის, ეს არის მუდმივი კოორდინაცია ჩვენი ქმედებების, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროშიც.
გუშინ, როცა მე მოვინახულე წვრთნები, რომლებიც ნატო-ს ეგიდით შავ ზღვაში, ოდესაში იმართება ამერიკელებთან, ნორვეგილებთან, რუმინელებთან და სხვა მეზღვაურებთან ერთად იდგნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებმაც აჩვენებენ იმას, რომ ჩვენი პარტნიორობა არის ყველაზე მტკიცე, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც და დღეს ჩვენ განვიხილეთ როგორ გავაძლიეროთ ეს პარტნიორობა“,- აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.