გიორგი მარგველაშვილი - ვაჯილდოვებ ბერნარ ფასიესა და ერიკ ბრევს და მადლობას ვეუბნები ფრანგ ხალხს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, ემოციური და ძლიერი მხარდაჭერისათვის
საქართველოს პრეზიდენტმა, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი რეზიდენტი ელჩი საქართველოში ბერნარ ფასიე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.საქართველოს პრეზიდენტმა ბერნარ ფასიე საზღვარგარეთ ქართული კულტურის, მეცნიერების და ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. ღირსების ორდენი გიორგი მარგველაშვილმა ბერნარ ფასიეს მეუღლეს პირადად გადასცა.
ღირსების ორდენით დააჯილდოვა ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლევილის მერი ერიკ ბრევი საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისა და ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. დაჯილდოების ცერემონია "ინტერალიეს" ისტორიულ სასახლეში საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. როგორ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ამ ადამიანების წვლილის აღნიშვნა, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს დაუკავშირეს.
"მიხარია, რომ მე დღეს გამოვხატავ მრავალი ქართველის ემოციას ერიკ ბრევთან და ბერნარ ფასიესთან დაკავშირებით. იმ ემოციას, რომელიც ჩემს თანამემამულეებს აქვთ ამ ადამიანების მიმართ. ბევრი ჩემი მეგობრისაგან მსმენია იმ განსაკუთრებული მეგობრობის შესახებ, რომელიც ფასიეს ქართულ საზოგადოებასთან ჰქონდა. რთულია იყო დიპლომატი და ამავე დროს ასეთი ემოციური და სიყვარულით სავსე საზოგადოება დატოვო იმ ქვეყანაში, რომელშიც მოღვაწეობ. ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ფასიემ შეიტანა საქართველო - საფრანგეთის თანამშრომლობის გაღრმავებაში უდიდესი სიყვარულით იყო გაჯერებული. ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო მაშინ, იმ პერიოდისათვის, როცა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან უდიდესი დარტყმები მივიღეთ. ბატონი ფასიე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის გაძლიერების საქმეში.
რაც შეეხება ლევილს და თქვენ, ბატონო ერიკ, თქვენი მოღვაწეობა პირდაპირაა დაკავშირებული იმ ადგილთან, რომელიც საქართველოს ისტორიის განსაკუთრებული ნაწილია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და იმ თაობის ტკივილი ლევილმა უფრო ადვილად გადასატანი გახადა. თქვენ გამოხატავთ ფრანგების თბილ და მზრუნველ ემოციას საქართველოს მიმართ. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ჩვენმა დევნილმა მთვრობამ სწორედ საფრანგეთში გააგრძელა მოღვაწეობა. საფრანგეთი მტკიცედ იდგა საქარველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხთან მიმართებაში. ლევილმა იტვირთა ქართველთა ტრაგედია და ქართველთა ტვირთი. თქვენ დღესაც აგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ამიტომ იმ მადლიერების გამოსახატად, რომელიც ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ საქართველოს მიმართ, მადლობას ვეუბნები ფრანგ ხალხს იმ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, ემოციური და ძლიერი დახმარებისათვის, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ქედს ვიხრი ბატონი ფასიეს ხსოვნის წინაშე, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით არ არის და ამავდროულად მახარებს ის შესანიშნავი შთამომავლობა, რომელიც მისი სახელით იღებს ამ ჯილდოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ლევილის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი ღვაწლისა და საქმიანობის დაფასებისათვის. "მოხარული ვარ რომ სწორედ ჩემი მერობის პერიოდში მოხდა საქართველოსათვის ლევილის შატოს გადაცემა", - აღნიშნა ერიკ ბრევმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ლევილის ყოფილი და მოქმედი მერები, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი.