გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა ოლიმპიელებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის სასახლეში მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.„დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ სიხარულისათვის, რაც თქვენ მოუტანეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს სიხარული თავის კვალს ტოვებს და გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე. ამ დღეებში, თქვენი დამსახურებით, იმდენი სპორტული სიხარული და სასწაული ვნახეთ, რომ ბუნებრივია ეს აისახება საზოგადოების ცხოვრებაზეც. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ თქვენი წარმატებების მაგალითი მნიშვნელოვანი იქნება უამრავი ახალგაზრდისათვის, რომელიც დაინახავს თქვენში იმას, რაც თავადაც შეუძლია, რომ გააკეთოს, რა გზითაც შეუძლია თავადაც მიაღწიოს წარმატებას. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მოახერხა და თავიდან ბოლომდე ორგანიზება გაუკეთა ამ მართლაც მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას. ჩვენ შევძელით და დავსვით საქართველო მსოფლიო რუკაზე, არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ ორგანიზაციული თვალსაზრისითაც.
გილოცავთ და თქვენი მომავალი გამარჯვებების იმედით, მინდა მადლობა გითხრათ ყველას ვინც მონაწილეობდით ამ ოლიმპიურ ფესტივალში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა ოლიმპიელებისადმი მისასალმებელ სიტყვაში.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და მათ საჩუქრები გადასცა. ასევე პრეზიდენტმა საჩუქრები მიიღო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებისგანაც.
წელს თბილისში გამართულ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში საქართველომ 10 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოსია. გოგონათა შორის ასპარეზობაში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს ძიუდოისტებმა მზია ბებოშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა. საზეიმო მიღება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მომღერალმა ელენე კალანდაძემ გააფორმა.