გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია - "საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის" გახსნა.ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული საკონსტიტუციო ინსტიტუტების გაძლიერება, მათი როლის განმტკიცება და გაღრმავება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
„საკონსტიტუციო სასამართლო ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია; ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარების ერთერთი უმთავრესი გარანტია.
ამ თვალსაზრისით, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი კი არ არის, არამედ ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნა კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სესიაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა შნუც რუდოლფ დურმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციაზე, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში, 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტებსა და წევრებს; ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცეპრეზიდენტს. კონფერენცია 12 სექტემბერს დასრულდება.
2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით მოიპოვა.