გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრის მამიკინსი მიიღო

საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ამ ურთიერთობების შემდგომი ინტენსიფიკაციისათვის.
აღნიშნული საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრის მამიკინსმა დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას.

ხაზი გაესვა იმ ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც იქნა მიღწეული პრეზიდენტისა და ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრისას და რომელიც ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისა და დაახლოების ხელშეწყობის უმაღლესი დონის ფორმატს ეხება. განიხილეს ასევე სექტორული ინტეგრაციის ხელშემწყობი ნაბიჯები.

შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპარლამენტარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და რუსეთის პოლიტიკის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი გმობს სირიის მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარებას და აცხადებს, რომ მსგავს აღიარებებს არასოდეს ექნება საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მომხსენებელთან საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილა.
ანდრის მამიკინსის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განვლილი პერიოდი და საქართველოს პროევროპული გზის მომავალი.