გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს (სიკვდილის შემდეგ) ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
გიორგი მარგველაშვილმა ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო და სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა. ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის ორდენი ქვეყნის წინაშე კეთილშობილი მსახურების, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენ ეროვნული გმირის წოდებას ვანიჭებთ ზურაბ ჭავჭავაძეს, ვაჯილდოვებთ ადამიანს, რომლის ღვაწლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ერის, ჩვენი პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში.
"ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, პატრიოტებად განსაკუთრებულ გარემოში ვყალიბდებოდით - ეს არ იყო არც ომი, არც პოლიტიკური დებატები, ჩვენ ვყალიბდებოდით ჩვენს ოჯახებში, ჩვენი მშობლების, მათი მეგობრების წრეში. ასე იწყებოდა ჩვენი სამშობლოსთან ზიარება და მისი შეყვარება. ხშირად ეს იყო რაღაც დისიდენტური ლიტერატურის წაკითხვის შესაძლებლობაც. ამ გარემოში ჩამოყალიბებულები ამ ენერგიით, ამ სულისკვეთებით ვემსახურებოდით სამშობლოს.
ზურაბს მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი იმ ადამიანებს, ვინც აყალიბებდა მის პატრიოტიზმს და სულიერებას. ბატონი ნიკო იყო ადამიანი, რომელთანაც პირველად მომეცა საშუალება, რომ ვზიარებოდი ფილოსოფიას. საოცარი გარემო იყო შექმნილი ფილოსოფიის ინსტიტუტში იმ პერიოდში. იმ წლებში, როდესაც კომუნისტური ყურადღების ქვეშ იყო მთავარი იდეოლოგიური ადგილი, ფილოსოფიის ინსტიტუტი და ეს თავისუფლების შექმნის გარემო, გარემო რომელშიც ყალიბდებოდა თავისუფალი ადამიანი, ბატონი ნიკოს მეშვეობით იყო შესაძლებელი. მე ვიცნობ საქართველოს პატრიარქს, რომლის სულიერი შვილიც და სტიქაროსანი იყო ბატონი ზურაბი. საპატრიარქო საწყის წლებში იყო ის ადგილი, სადაც სამშობლოს სიყვარულისთვის იყო შექმნილი წრე და გარემო, რომ ადამიანები ჩამოყალიბებულიყვნენ და განვითარებულიყვნენ ამ მიმართულებით და როდესაც დაიწყო იმპერიის ნგრევა ყველა თავისი უნარით შევიდა ეროვნული მოძრაობის პროცესში.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ღვაწლს. რამდენიმე საათში, სანამ უფლებამოსილებას გადავაბარებ ახალ პრეზიდენტს და მაქვს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით საუბრის უფლება მე არამარტო ზურაბ ჭავჭავაძის ღვაწლს მივაგებ პატივს, არამედ ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას მივცე ნიშანი იმისა თუ რა არის სამაგალითო პოლიტიკაში. მივცე კიდევ ერთი მაგალითი გამორჩეული ქართველის, რომელსაც უნდა მიბაძონ. მაგრამ არ არის აქ მარტო წარსულზე ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი მომავალზე.
ჩვენი მიზანი ილია ჭავჭავაძის ღირებულებებით ჩვენი სამშობლოს შენება უნდა იყოს, ჩვენი ქმედება პოლიტიკაში ზურა ჭავჭავაძის სტილი უნდა იყოს ეს ძალიან მაღალი ჯილდო არის მისი სულისთვის, მაგრამ ბევრად უფრო მეტად თქვენთვის ახალგაზრდა თაობავ პოლიტიკოსებისა, რომლებმაც უნდა გადაიბაროთ ეს ქვეყანა და ამ იდეალებზე აშენოთ. კიდევ ერთხელ ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დიდი მადლობა მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც უქმნიდნენ და დღესაც უქმნიან მის ღვაწლს შესაფერის გარემოს და გადასცემენ მომავალ თაობებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას.