კახა კოჟორიძე: გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერდა და უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი არის ინდივიდუალური მოსამართლე

ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, განაცხადა რომ არარელევანტურია მოსამართლეების მოთხოვნა კონსტრუქციული დიალოგისა, მაშინ როდესაც თავად მოსამართლეებისთვის მიუღებელია კრიტიკა და გამოდიან შეურაცხმყოფელი განცხადებებით პრეზიდენტის ინსტიტუტის მისამართით. „როგორც ჩანს მოსამართლეთა ნაწილისთვის მიუღებელია კრიტიკის მოსმენა სხვადასხვა ინსტიტუციების მხრიდან და ამან განაპირობა ის კამპანია, რომელიც წამოიწყეს პრეზიდენტის წინააღმდეგ,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
 
პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერდა და უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც მიუხედავად გარეფაქტორებისა არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.
 
კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სისტემაში არიან  ისეთი მოსამართლეები, რომელთაც სწორი და ჯანსაღი ხედვები აქვთ სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელმა დამოკიდებულებამ ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მთავარ კონსტიტუციურ ფუნქციას. შესაბამისად ამ კონსტიტუციურ ორგანოს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება.