კახა კოჟორიძე და გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრისას კახა კოჟორიძემ განაცხადა, 2015 წლის 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით დაგეგმილი წესით, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოვა და ყურადღებას რამდენიმე მიმართულებით გაამახვილებს :
„ბევრი საკითხია, თუმცა შევარჩიეთ ისეთი თემები, როგორიც არის - სასამართლო რეფორმის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა, პროკურატურის დაუყოვნებლივი რეფორმების საჭიროება, შს სამინისტროს რეფორმირება, საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაუყოვნებლივ განსახორციელებელია, თანასწორობოს უზრუნველყოფა არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი საკითხია ქალთა მიმართ ძალადობის თემა, ქალების მეტი აქტიურობა და მეტი როლის გაზრდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვისაუბრებთ ბავშვთა უფლებებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები უკვე ასახულია პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაში", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო გამოსვლაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძირითადი საკითხები წარმოადგინონ, რაც შემდგომ აისახება პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაში.
შეხვედრას ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.