პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა 3-4 აპრილს პარიზში სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სენატში საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე კრისტიან კამბონთან, ეროვნულ ასამბლეაში ეროვნული, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ჟაკ ბრიდესთან, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალურ მდივან კლერ ლანდესთან. შეხვედრებისას ყურადღება დაეთმო ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათზე რეაგირების გზების მიმოხილვას.
უშიშროების საბჭოს მდივანმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებზე,  საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების გარემოს და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აღნიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროება. ქართულმა მხარემ ფრანგ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.  ფრანგული მხარის წარმომადგენლები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ხედვას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით და კვლავაც დაადასტურეს აღნიშნული პოლიტიკის მხარდაჭერა.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროპის უსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებულ  გამოწვევებს, მათ შორის, საზღვრების დარღვევა ძალის გამოყენებით თუ ქვეყნის საზღვაო წყლებისა და საჰაერო სივრცეში შეჭრა, ტერორიზმი, კიბერ-თავდასხმა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროატლანტიკური სივრცისა და პარტნიორების ერთიანი პოლიტიკის საჭიროებას.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მხარდაჭერისთვის.  ფრანგული მხარის წარმომადგენლებმა უშიშროების საბჭოს მდივანსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობისთვის. 
თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალურ მდივან კლერ ლანდესთან შეხვედრისას ყურადღება  დაეთმო კრიზისების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას. ფრანგულმა მხარემ უშიშროების საბჭოს მდივანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სტრუქტურის მანდატის, საქმიანობის პრიორიტეტებისა და სპეციფიკის თაობაზე.