პრეზიდენტი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი, პრემიერთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 242 წლის წინ, კაცობრიობის იმ დროის საუკეთესო წარმომადგენლებმა ამერიკის კონტინენტზე თავისუფლების დროშა მაღლა ასწიეს და იმ მომენტიდან კაცობრიობისთვის თავისუფლების ღირებულება ერთერთ მთავარ პოლიტიკურ ღირებულებად აქციეს. 
"ეს დღე არის საზეიმო არამარტო ამერიკელი ერისთვის, არამედ ყველა ერისთვის, ყველა ადამიანისთვის ვისთვისაც თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. სულ ცოტა ხსნის წინ, ჩვენც 26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილე ვიზეიმეთ და მაშინაც ამერიკელები იდგნენ ჩვენს გვერდით.
დღეს ჩვენ ვდგევართ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენთვისაც, ისევე როგორც ამერიკელებისთვის, მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს  ამ უმაღლეს ღირებულებას. ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ღირებულებისთვის ერთად იბრძვიან. სწორედ ამ მამაცი ადამიანების გმირობის გამო სულ მალე ნატო-ს სამიტზე საქართველო იქნება ძალიან კარგად და სწორად წარმოდგენილი.
პასუხისმგებლობის შესახებ ერთერთ მთავარ კითხვას, რომელიც ალიანსის შიგნით ტრიალებს საქართველო ძლიერ პასუხს სცემს, როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებით, ასევე ბრძოლის ველზე თავისი კაცებისა და ქალების გმირობით.
მე დღეს, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. ვულოცავ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს და იმის გარანტიას გაძლევთ, რომ ქართველი ერი თავისუფლების სიყვარულით სულ უფრო მეტ გამარჯვებებს მიაღწევს თავის მეგობრებთან ერთად და ის ოკუპაცია - ისტორიული უსამართლობა ჩვენს მიწა - წყალზე დასრულდება და დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და დასრულდება  მშვიდობით.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საელჩოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა უმასპინძლა.