პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, დღეს სემეკის წევრობის კანდიდატებზე პრეზიდენტისა და მთავრობის შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატიდან, მთავრობამ ორ კანდიდატზე უარი განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად  8 სექტემბერს შესთავაზა  დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანის და მარინა გულედანის კანდიდატურები. მთავრობამ 22 სექტემბერს მხოლოდ გიორგი ფანგანის კანდიდატურა მოიწონა.
„მთავრობამ უარი თქვა აღნიშნულ კანდიდატებზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. მართალია, მთავრობას კანონი ამ არგუმენტაციის წარდგენას არ ავალდებულებს, მაგრამ ორი ძლიერი, პროფესიონალი კანდიდატის დაწუნების შემთახვევაში, გარკვეული არგუმენტები მაინც უნდა არსებობდეს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კანდიდატები პრეზიდენტისა და სფეროს ექსპერტებს შორის გამჭვირვალე პროცესის შედეგად შეირჩა“,- აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შერჩეული ორივე პროფესიონალის დავით ასლანიშვილის და მარინა გულედანის კანდიდატურები ხელახლა წარუდგინოს შესათანხმებლად საქართველოს მთავრობას.
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იტყვის უარს პრეზიდენტის მიერ ხელახლა წარდგენილ კანდიდატებზე, პრეზიდენტის ადმინისტარცია  საზოგადოებასთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ახლიდან, დაიწყებს სემეკის წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცესს -  იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც დაიწყო ეს პროცესი რამდენიმე თვის წინ.
„საქართველოს პრეზიდენტი უარს არ იტყვის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა სხვა ტიპის შეთანხმებაზე“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის განცხადებით, საგულისხმოა, რომ მთავრობამ სემეკ-ის წევრობის პროფესიონალ კანდიდატებზე უარი თქვა იმ დროს, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად ცალკეული კომპანიები მუდმივად საუბრობენ ელექტროენერგიასა თუ ბუნებრივ  აირზე  ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით.
„ტარიფები ის საკითხია, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სემეკი არის ორგანო რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და განსაზღვროს ტარიფების ბედი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ.
სწორედ ეს უზრუნველყოფს სემეკ-ის მიერ გადაწყვეტილებების მეტ გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან“- აღნიშნა აბაშიშვილმა.