პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.
 
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად კონსულტაციებისათვის უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დღეს კი შეხვედრა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან გაიმართა.
 
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილია, რომ გაიზიაროს ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები და ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატი ერთპიროვნულად არ დაასახელოს.

„დღეს ექსპერტებთან შევიკრიბეთ სწორედ იმ კრიტერიუმებზე სასაუბროდ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი. ექსპერტებთან შევთანხმდით, რომ დაახლოებით, ორ კვირაში, ისინი დაასახელებენ კონკრეტულ კანდიდატურებს და დეკემბრის დასაწყისში გადავალთ კანდიდატურების შესახებ მსჯელობაზე.
 
ვფიქრობთ, რომ უკვე იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს გიორგი ქადაგიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში. ისევე როგორც ეს მოხდა გასულ წელს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან - ყაველაშვილთან მიმართებაში.
 
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი კანდიდატი  იყოს პროფესიონალი - ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, ჰქონდეს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, კარგად აცნობიერებდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის  და მისი სიძლიერის მნიშვნელობას, ამავდროულად იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ ჩნდებოდეს არანაირი კითხვის ნიშნები პოლიტიკურ გავლენებთან მიმართებაში“, -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.