პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ჟურალისტები საგარეო საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ივანე მაჭავარიანი და სოფიო შამანიდი დღეს რეგიონალურ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისში სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან ოცამდე მედია საშუალების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. სოფიო შამანიდმა და ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი ხელმოწერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ამ საკითხების თაობაზე მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირება იყო. მედიასაშუალებების წარმომადგენლები სპეციალურ სიუჟეტებს ან საინფორმაციო მასალებს მოამზადებენ, რომლებიც რეგიონალური მედიასაშუალებებით გავრცელდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჟურნალისტები, რომლებმაც შეხვედრა პრეზიდენტის მრჩევლებთან გამართეს, ასევე შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას. შეხვედრების დროს ისაუბრებენ ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოსთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ქვეყნის ევროინტეგრაცია.