პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი სამცხე-ჯავახეთის მუფთს შეხვდა

საქართველოს პრეზიდნეტის მრჩეველი უმცირესობების საკითხში სოფიო შამანიდი სამცხე-ჯავახეთის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს, მის მოადგილეს ჯამბულ აბულაძეს და მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სოფელ მოხეში შექმნილი ვითარება იყო. პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდის განცხადებით, იგი აქტიურადაა ჩაბმული პრობლემის მოგვარების საკითხებში და  მუდმივად ეკონტაქტება სამუფტოს წარმომადგენლებს. 
„აუცილებელია გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა სამომავლოდ მსგავსი დაპირისპირება აღარ მოხდეს. ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ საკთხთან დაკავშირებით, შექმნილია რელიგიურ საქმეთა სააგენტო, რომელთანაც კოორდინირებულად ვმუშაობ. მზად ვარ, აუცილებლობის შემთხვევაში პირადადაც ჩავიდე მოხეში. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მსგავსი შემთხვევების დროს კონსულტაციას გაივლიან რელიგიურ საქმეთა სააგენტოსთან და გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებენ“, - განაცხადა სოფიო შამანიდმა.     
მუფთმა ადგილობრივი მუსლიმი მრევლის მოთხოვნებსა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შენობა რომლის გამოც დაპირისპირება მოხდა, სამუფთო სამმართველოს უნდა გადაეცეს.
„ჩვენი მოთხოვნაა დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, შენობა გადაეცეს სამუფთო სამმართველოს და დაიწყოს მოლაპარაკება მსგავსი კონფლიქების პრევენციის მიზნით. ჩვენ სურვილია, რომ ეს პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს“, - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.