პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდგომ სამართლებრივ პროცედურებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ კონსტიტუციური კანონით, მთავრობის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობას უწყდება უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას.
"ამის შემდეგ, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს კანდიდატურაზე და დაამტკიცებს მას. ასე რომ, როგორც 2016 წელს, როდესაც ბატონი პატარაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი საბჭოსთვის, ახლაც პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და ამ კონსულტაციების შემდეგ ის დაასახელებს კანდიდატურას.
კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან. მანამ სანამ იქნება ახალი მთავრობა უფლებამოსილებას ასრულებს არსებული მთავრობა, ესეც განსაზღვრულია კონსტიტუციური კანონით და ახალი კონსტიტუციით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.