პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული მიღება გამართეს.
 
აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოა", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ასევე ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.
 
ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტრყვით მიმართა და პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
„მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩვენ გავერთიანდით ძალიან ჰუმანური, ძალიან სათუთი და ამავდროულად, მძიმე თემის ირგვლივ.
 
გმადლობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, რათა ვიყოთ უფრო ლმობიერი, მზრუნველი, ერთმანეთისათვის ნუგეშის მიმცემი ადამიანები.
 
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესისა და ხელოვნების წარმომადგენლები, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ დაგვეწყო კარგი საქმე, რომელიც შვებას მოუტანს ბევრ ადამიანს.
 
მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ , ბიზნესს, ვინც თავისი წვლილი გაიღო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ასევე ხელოვანებს, მხატვრებს; მსურს დავადასტურო ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში მომავალშიც და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ შევძლებთ ასეთი კეთილი საქმეების გაგრძელებას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" წარმომადგენლები.
 
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა  მოათავსა და მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
 
პალეატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვების ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს