პრეზიდენტმა მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისაკენ მოუწოდა
საქართვლოს პრეზიდენტმა მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისა და დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჭირო და აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში."მინდა, მოუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ, ინტენსიურად შესრულდეს ის დაპირება, რომელიც იქნა დადებული ახალი სტრუქტურით უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და ასეთი სტრუქტურა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას. საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა უშიშროების საბჭო, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. არ შეიძლება ქვეყნის არცერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენ არაა ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ერთი, ორი დღე, ან 6 თვე, წყნარად ფეხი ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, რომ ოდესღაც რაღაცა შეიქმნება.
მიუხედავად წარმატებებისა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციის გაღრმავებისა, საჭირო და აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ხაზს ვუსვამ, არა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ გახდება საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი დირექტივა, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გენერალური შტაბისა და სხვა უწყებებისთვის, რათა ჩვენი სამხედროები, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ სამშობლოს ყველაზე საშიში მტრის წინააღმდეგ, იყვნენ სრულიად გამართულები თავიან ქმედებებში და იმ ბრძანებების აღსრულებაში, რომელიც მათ მიეცემა პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან. ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლის გადაწყვეტილებითაც კონსტიტუციაში შეწყდა ამ სტრუქტურის არსებობა, თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი და ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, ჩვენ გვექნება ახალი კონსტიტუცია და ჩვენ არ გვექნება უშიშროების საბჭო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის გახსნისას, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო წესრიგის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ღია დისკუსიების ფორმატში მსჯელობენ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხალხის ურყევი არჩევანი და ნებაა გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და ამ პროცესს ქართული მთავრობები დიდი მოწოდებითა და დიდი ერთგულებით ახორციელებენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ პროცესის შემადგენელია ის წარმატებები, რასაც ქართული მხარე ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით აღწევს. საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება. ეს არის, როგორც წვრთნების პროგრამები და პოლიტიკური დიალოგი, ასევე ის ფორმატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უყალიბდება ნატოს წევრ და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან.
"ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი მნიშვნელოვანწილად არის ასევე ის გმირობაც, რასაც ქართველი ჯარისკაცები ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითიც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. არ შემიძლია დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა მათ უდიდეს ღვაწლს, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. დიდება იმ ჩვენ თანამემამულეებს, ვინც ბრძოლის ველზე ამ ღირებულებებისათვის თავისი სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დატოვა. საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შემაფერხებელი ამ განვითარების, რა თქმა უნდა არის უდიდესი ფაქტორი, რომელიც საქართველოს სამეზობლოს და საერთოს გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სულ უფრო პრობლემურ გამოწვევებს ქმნის. რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აწარმოა მიზანმიმართული დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რეგულარულმა არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მოახდინა ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაცია. ანალოგიური მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ის, რასაც ჩვენ 2008-ის შემდეგ, 2014 წლიდან ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ. ჰიბრიდული ომი მოისინჯა საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში. მოხდა მისი შესაძლებლობების დახვეწა. უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში ახალ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ფეხს იდგამდა და ადგენდა თავის იდენტობას თანამედროვე მსოფლიოში, სწორედ სამხედრო ძალის, ჰიბრიდული ომის მეშვეობით საქართველოს ევროატლანტიკური - დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება ხდებოდა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესში დგას.
"ხშირად, 2008 წელზე ლაპარაკობენ, თითქოს რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს ასე არ არის, და თითქოს რაღაც ლოგიკა იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ საქართველოს გადაწყვეტილი ჰქონდა ნატოში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება, მაგრამ ეს არის სრული პროპაგანდისტული ტყუილი. ტყუილი, რომელიც რეალურად ძალიან აქტიურად მუსირებდა და მაგრამ, რომელსაც ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ. 2008 წელს იყო ერთერთი ტალღა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რეალურად, რუსეთის პასუხი საქართველოს თავისუფლებაზე, მის დამოუკიდებლობაზე არის სამხედრო აგრესია. ასეთი სამხედრო აგრესია მხოლოდ საქართველოში არ განხორციელებულა. ასეთი სამხედრო აგრესია შემდეგ განხორციელდა სრული მასშტაბით უკრაინაში, როგორც ყირიმის ანექსიის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით და ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის მიზნები, რომლებიც რუსულ სახელმწიფოს ამოძრავებდა, და ამოძრავებს თავის მეზობლებთან მიმართებაში. დღეს ჩვენ ასევე ვდგავართ იგივე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. რუსული სამხედრო მანქანა და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროპაგანდისტული მანქანა, დღეს აქტიურია არა მარტო საქართველოში და უკრაინაში, არა მარტო იმასთან, რასაც რუსული სახელმწიფო ახლო სამეზობლოს უწოდებდა, არამედ აქტიურია ფაქტობრივად უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და რომლიდან გამომდინარეც უნდა დავსახოთ ჩვენი სამოქმედო და სამომავლო გეგმები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საბჭოთა კავშირის დემონტაჟზე ვფიქრობდით, მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბჭოთა კავშირის დასრულების, ვარშავის პაქტის დასრულების და კრახის შემდეგ, 25 წლის თავზე, საბჭოთა იმპერიის ნარჩევი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იქნებოდა პროაქტიური თავის პროპაგანდისტულ საქმიანობაში.
"ამ პროაქტიურობას სჭირდება ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი. შესაბამისად, ასეთი შეკრებები, რომელსაც დღეს ჩვენ ვატარებთ, რომელიც მშვენიერი ფორუმია ამ პროპაგანდისტულ მანქანისთვის პასუხების ჩამოსაყალიბებლად, უნდა იყოს ფუნდამენტი ერთიანი პოზიციის, ერთიანი მესიჯის, ერთიანი გზავნილის, ყველა იმ ქვეყნის კონსოლიდაციისათვის, რომელსაც სჯერა საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის, ერის უფლების თვითონ განსაზღვროს თავის მომავალი, გაერთიანდეს ალიანსებში, გაერთიანდეს გაერთიანებებში და სჯერა, რომ ერთა შორის ურთიერთობა უნდა წარმოებდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ თანამშრომლობის ფონზე. ამ გაერთიანებას ღირებულებების და მესიჯების ირგვლივ, გზავნილების ირგვლივ აქვს პრინციპული მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება, რომლისგანაც ჩვენ გვაქვს შეკვეთა გავხდეთ ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი და რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს პროპაგანდისტული თავდასხმა შეარყიოს ეს იმედი, საზოგადოება, რომელმაც ძალიან ბევრი შესწირა ამ მიზანს, იყოს უფრო დარწმუნებული, უფრო მეტად ზურგგამაგრებული, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.