პრეზიდენტმა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა


„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ.
ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში, სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კოჟორიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის სამართალდამცავი ორგანოების და მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხს. მისივე განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ აღნიშნული რეფორმა ქვეყნისთვის გადაუდებელი ინტერესის მქონეა და აუცილებელია, მისი როგორც დროულად, ისევე კარგად გააზრებულად განხორციელება და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს ორგზის გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტებთან დაკავშირებით.