პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში, ქოსალარსა და სამშვილდეში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
სოფიო შამანიდმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ ფარგლებში ახალი სასწავლო ცენტრები მოინახულა და მსმენელებს სახელმძღვანელოები გადასცა.
 
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების წინაშე დგას ეს არის მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. იმისათვის, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს აუცილებლად უნდა იცოდნენ ქართული ენა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ჩვენ შევქმენით ის სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ისწავლოს ქართული ენა“,- აღნიშნა სოფიო შამანიდმა
 
ამჟამად აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი ხორციელდება, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების 47სოფელი მოიცვა და აღნიშნული რეგიონებიდან 56 სოფლის მოსახლეობა ეუფლება ქართულ ენას.