საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 23 სექტემბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ხვალ, 23 სექტემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა  გაიმართება.
 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.
 
აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებით წარდგებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ -მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
 
საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
 
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.
 
საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის  38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.