საქართველოს პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარი იოჰანეს ჰანი დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისარმა დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს სიტყვით მიმართეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს თანამედროვე ევროპულ სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.
პირველ რიგში, ეს არის ის პროექტები, რომელშიც საქართველო თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული. ეს არის საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია, ჩვენი ქვეყანა ერთმანეთთან უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ არეალებს აკავშირებს.

ეს არის ენერგომატარებლების პროექტი, სატრანსპორტო პროექტები, რომლებიც რეალურად კასპიის ზღვას შავ ზღვასთან აკავშირებს.

სწორედ, ამ ფუნქციიდან გამომდინარე საქართველო ევროპისა და მისი სამეზობლო არეალისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის და ამ შესაძლებლობების განვითარების და განმტკიცების პოლიტიკას ახორციელებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობით არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და თურქეთთან.

ესეც თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვან არეალს ქმნის. ასეთი ლიბერალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვაღრმავებთ, ასევე მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლო თანამშრომლობისათვის.
ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით მუშაობა და ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში ძალიან აქტიურია შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყება.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ასევე სამაგალითოა ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. ეს ბიზნესკლიმატი გამოიხატება ჩვენს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკაში, დაბალ გადასახადებში, კორუფციისა და კრიმინალის დაბალ დონეში და აგრეთვე იმ მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით.

ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე საქართველოს პოლიტიკა სამეზობლო თანამშრომლობების გაღრმავება იყო.
თუ შევხედავთ ჩვენს თანამშრომლობას სხვა გეოპოლიტიკური ბლოკის ქვეყანასთან, მაგალითად სომხეთთან, ვნახავთ, რამდენად აქტიურად ვმუშაობდით, რომ ჩვენი ევროპის ნაწილად ყოფნა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში სავაჭრო თვალსაზრისით გაერთიანება არ ყოფილიყო ჩვენი სავაჭრო ურთიერთობებისათვის ხელისშემშლელი წინაპირობა.
აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის ქვეყნები - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნები არიან, რეალურად ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე დგანან.

ეს ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევაა, რომელიც რუსეთიდან მოდის და ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას - გაავრცელოს პრივილეგირებული ინტერესის სფეროები თავის სამეზობლოში.
საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ის ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თავისუფალი ევროპული არჩევანისთვის დაისაჯა. მაგრამ ამავე დროს ჩვენი ქვეყანა თავიდანვე იყო ძალიან პასუხსმგებლიანი იმ საკითხებში, რაც გლობალურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას შეეხება.

ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სამხედროები იყვნენ ჩართულები იმ უმნიშვნელოვანეს მისიებში, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენი ევროპელი და ევროატლანტიური პარტნიორების ეგიდით.
საქართველო ამ პასუხისმგებლობით აქტირუად ავითარებს თავის პოლიტიკას გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, პასუხისმგებლიანი ქვეყნის და პასუხისმგებლიანი მოთამაშის თვალსაზრისით.

იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლებზეც მე ვისაუბრე, ჩვენი საარსებო გარემო და არეალი არ არის მშვიდი, ამაზე მეტყველებს, თუნდაც ტრაგიკული ტერორისტული აქტები. მიუხედავად ამ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს აქვს,  ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს.
მე მინდა გითხრათ, რომ ასოცრიების ხელშეკრულება საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი გახდა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რეფორმები.

ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ასევე იმ რეგულაციების დანერგვა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის პროცესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ეს რეალურად გავლენას მოხადენს, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე, მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. ფაქტიურად იგივე სლოგანი რაც ჩვენ 2015 წელს ნატოსთან მიმართებაში დავაფუძნეთ.

საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი უფრო აქტიურად ევროპულ პროცესში და ევროპა უნდა იყოს წარმოდგენლი უფრო აქტიურად საქართველოში.
ამ ნაბიჯებით ჩვენ ვიმოძრავებთ წინ, წინ იმ საბოლოო პოლიტიკური მიზნისკენ, რომელიც ამ რეფორმების, ამ ძალიან რაციონალური და განსაზღვრული პოლიტიკის კონტექსტში, საქართველოს თავის ისტორიულ და გეოსტრატეგიულ მიზნამდე - ევროპის წევრობამდე მიიყვანს.
ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია ასევე თანამშრომლობა და აქტიური ჩართულობა ჩვენი საზოგადოებების და განსაკუთრებით საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის.

ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ.
ეს არის „მილენიუმ ჩელენჯის“ პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკული სტანდარტის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ანალოგიური მნიშვნელოვანი მასშტაბის ევროპულ საგანმანათლებლო პროექტს შევქმნით, რომელიც წინ წასწევს იმ ბუნებრივ კავშირებს რომელიც არსებობს, ჩვენს როგორც ინტელექტუალურ წრეებში, ასევე ახალგაზრდებს შორის.
და ბოლოს საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც ავითარებს თავის სახლემწიფოებრიობას ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ქვეყანა რომელიც უზრუნველყოფს ევროპული პოლიტიკის გაღრმავებას არამარტო საქართველოს თვალსაზრისით, არამედ რეგიონის თვალსაზრისით.

მე მინდა ძალიან ნათლად გითხრათ თქვენც და ჩვენს საზოგადოებასაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც რომ ის წარმატება, რომელსაც საქართველო მიაღწევს, იქნება და არის ევროპული წარმატების მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონში და რეგიონის მიღმა”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


მოწვეულ სტუმრებს ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სიტყვით მიმართა.
 
„სულ ერთი კვირის წინ, ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელთან და ვიცეპრეზიდენტთან ფედერიკა მოგერინისთან ერთად წარმოვადგინეთ მიმოხილვა ევროსამეზობლო პოლიტიკის შესახებ და მოხარული ვარ, რომ ამ დოკუმენტის მიღებიდან მოკლე ხანში, შესაძლებლობა მაქვს ამის შესახებ თქვენთან ვისაუბრო.
 
საქართველოს მხრიდან მრავალი კომენტარი და შეხედულება იყო განხილული საჯარო  კონსულტაციების დროს, რომელიც მარტიდან ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და თითოეული მათგანი ასახულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, კერძოდ ისეთი საკითხები, როგორიცაა სტაბილურობა, უსაფრთხოება, დიფერენცირება, ფინანსური დახმარება და ის საკვანძო საკითხები, რომლებზეც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ.
როდესაც თქვენ გაეცნობით მიმოხილვას, აღმოაჩენთ ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის სტაბილიზაციის ახალ აქცენტებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში. ეს ასევე ნიშნავს ეკონომიკური განვითარების გამოყენებას, რათა შევქმნათ პირობები, რომელთა საშუალებითაც ავიცილებთ არასტაბილურობის, კონფლიქტების, რადიკალიზაციისა და არარეგულირებადი მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს.

ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს შეხედულებებს სტაბილურობაზე, რომელიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ემყარება.
დოკუმენტი მუშაობის გაგრძელების წინაპირობაა. ჩვენ უკვე დავიწყეთ უფრო პრაგმატული და ეფექტიანი მუშაობა თითოეულ პარტნიორთან მისწრაფებათა მეტი დიფერენცირების შესაბამისად.

ეს სწორედ ის სტაბილურობაა, რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ. საუბარია ჩვენი ურთიერთობების ევროკავშირისა და მისი პარტნიორების ინტერესების დაფუძნებაზე. შეეცდებიან გითხრან, რომ ამით ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე. არ მოუსმინოთ მათ. აქ არ არსებობს წინააღმდეგობა. რეგიონალური ასპექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობა რჩება განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკვანძო ელემენტად, რიგის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ვმუშაობთ სამხრეთკავკასიის ქვეყნების სუბრეგიონალურ ჯგუფთან ნდობის ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, პრიორიტეტების შემდგომი ჩართულობის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, მიგრაციისა და მობილობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებებით.

დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია უსაფრთხოების სფეროს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს მიერ წამოჭრილი ისეთი თემები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ადრეული პრევენციული შეტყობინებების სისტემები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მზადყოფნის საჭირო შესაძლებლობები, რომელთა ჩამოყალიბება აუცილებელია, რათა მოხდეს სამოქალაქო დაცვის მიმართულებით მჭიდრო პარტნიორობის შემოთავაზება და თანამშრომლობა ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმის სფეროში”, -აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.