საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მშობლიურ სკოლებს ესტუმრნენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 
"მინდა მოგილოცოთ ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს დღევანდელი ძალიან სასიხარულო დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლასა და უნივერსიტეტში. ეს აღტაცება ერთად ყოფნის, ერთად სწავლის მინდა, ყველას გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტს მშობლიურ სკოლაში მისი ყოფილი პედაგოგები დახვდნენ, რომელბიც დღესაც პირველ კლასიკური გიმნაზიაში ასწავლიან.
 
გიორგი მარგველაშვილმა კლასიკური გიმნაზია დაათვალიერა, ესტუმრა ინკლუზიური სწავლების კაბინეტს, მოინახულა პირველკლასელთა საკლასო ოთახი და სკოლის სამლოცველო.
 
ასევე, დღეს მშობლიურ სკოლაში იმყოფებოდნენ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, რომლებმაც პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცეს.
 
„ყველას ვულოცავ სწავლის დაწყებას და მინდა ვუსურვო წარმატებები!  მოხარული ვარ, რომ ჩემს სკოლაში ვიმყოფები, სადაც ბავშობის წლები მაქვს გატარებული“, - აღნიშნა მაკა ჩაჩუამ.