საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობას.„საქართველო ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში... ჩვენ, განვიხილეთ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხები, რომელიც ევროპის საბჭოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა ან ბრასერმა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უკრაინის კონფლიქტიც განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.