საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს ბორის ცილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს მომხსენებლებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებიც განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროსაბჭო აკვირდება საქართველოს მიერ  საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების პროცესს.
„ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მოსაზრებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის აზრთა გაცვლა მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის კერსტინ ლუნდგრენის განცხადებით, ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგია.
„საქართველოში არსებული სიტუაციის შესასწავლად მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ვითარების შესწავლის პროცესში კი, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციის გაგება.  ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო”, - აღნიშნა კერსტინ ლუნდგერნმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, კახა კოჟორიძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.