საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მის აღმატებულება ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს
თქვენო აღმატებულებავ, დიდი პატივია ჩემთვის გადმოგცეთ გულითადი მოლოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავ გამოწვევას გაუძლო, რომ დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და შეექმნა წარმატებული, სტაბილური და დამოუკიდებელი სახელმწიფო.დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ თქვენი ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობას. ღრმად მწამს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ჩვენ გავხდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კიდევ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარების მოწმენი მომავალში. ჩვენს ქვეყნებს შორის, მჭიდრო ისტორიული კავშირის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელიც მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი