საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დღეს ულოცავს


თქვენო აღმატებულებავ,
 
ნება მომეცით გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ხორვატიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით.
 
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მსურს ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის.
 
კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ბრატისლავაში ჩვენმა მეგობრულმა და წრფელმა შეხვედრამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-ხორვატიის პარტნიორობის მნიშვნელობა.
 
ქალბატონო პრეზიდენტო, მაქვს პატივი მოგიწვიოთ საქართველოში და მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ თბილისში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რომელსაც ახალი იმპულსი სლოვაკეთში ვიზიტის დროს მიეცა.
 
თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ ხორვატ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.
 
პატივისცემით,
 
გიორგი მარგველაშვილი