საქართველოს პრეზიდენტი ქართული არტილერიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული არტილერიის 23 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დაღუპულ  არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა  სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ მინდა განსაკუთრებით მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც იარაღით ხელში ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად ეძინოთ. მათ ვინც თავისი პროფესიონალიზმით იცავს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს ღირსებას, მშვიდ ძილს და განვითარებას. ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია, ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან. მაშინ როდესაც თებერვალში ჩვენ გვიტევდა მე-11 არმია, არტილერიამ შეძლო და შეაჩერა მოწინააღმდეგე და დიდი ზიანი მიაყენა მტერს. ეს ბიოგრაფია გრძელდება თანამედროვე საქართველოშიც, როდესაც არტილერიამ მარტში, შეძლო და გარდამტეხი დარტყმა მიაყენა მტერს აფხაზეთის ომში. ყოველივე ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს დიდი მადლიერებით განგვაწყობს თქვენს მიმართ. ჩვენ მადლიერი ვართ იმ სამსახურისთვის რომელსაც თქვენ სამშობლოსთვის წევთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი შრომისთვის და თავდადებისთვის. ჩვენ მუდამ გვახსოვს ის გმირობა რომელიც ჩაუდენათ ჩვენს წინაპრებს და ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ სახელმიწფოს, ახალ საქართველოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს იმის სურვილს, რომ ჩვენს მშვიდობისმოყვარე ქვეყანას რაიმენაირად დაგვემუქროს. ამის გარანტი ხართ თქვენ, ამისი გარანტი არიან შეიარაღებული ძალები, რომლებიც არამარტო საქართველოში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამაყით აღავსებენ ყველა ქართველის გულს, რადგან ისინი არიან გამორჩეულები, მათ პატივს სცემენ როგორც კოლეგებს და მათი ეშინიათ მტრებს. კიდევ ერთელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ქართველი ხალხის სახელით და მადლობა გითხრათ სამსახურისთვის.-“განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ღირსების ორდენით თავდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის 11 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებთან ერთად ისადილა.

ქართული არტილერიის  დღე 15 მარტს აღინიშნება,  თუმცა ორი გამოჩენილი კურსანტის დაღუპვის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა არტილერისტებს პროფესიული დღე 20 მარტს მიულოცა.