საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირას ბრიუსელს ეწვევა
ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარტლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ასევე ევრო კომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან.„შეხვედრების ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება რიგის სამიტი და ის მოლოდინი, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობას, ის პროგრესი და ის რეფორმები, რომლებიც გაატარა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე. განვიხილავთ ასევე ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის საკითხებს უსაფრთხოების მიმართულებით და იმას, თუ რას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - “The Eastern Partnership – Partnership of Free Choice”, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის აუდიენცია მის სამეფო უდიდებულესობასთან ბელგიის მეფე ფილიპთან.
გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში 10 მაისს გაემგზავრება.