საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამხედრო სწავლებას „Agile Spirit 2015“ დაესწრო
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” მიმდინარეობასა და საასწავლო პროცესს გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტი სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, რომელზეც სამეთაურო-საშტაბო სწავლების სცენარი წარადგინეს.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა პოლკისა და მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურებმა სწავლების მიხედვით არსებული ვითარება გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმყოფებოდნენ.
ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.