საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა
სახელმწიფოს მეთაურმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ამერიკაში მცხოვრები ქართველები ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა დიასპორის ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში ასრულებენ.
საუბარი ასევე შეეხო უცხოეთში ახალგაზრდების განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის, რეპატრიაციის საკითხსა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ემიგრანტების ხალხურმა ანსამბლმა „ფესვებმა“ პრეზიდენტის პატივსაცემად რეპერტუარიდან რამდენიმე საკონცერტო ნომერი შეასრულა.