საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-ნორვეგიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება და საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღება იყო.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის პოლიტიკას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებების დაუშვებლობა.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ბორგე ბრენდეს ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. ბორგე ბრენდემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის, კერძოდ NATO-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის და ქართულ მხარეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა. ბორგე ბრენდე ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.