საქართველოს პრეზიდენტი: რუსეთის მიერ რეგიონში წარმართულ პროცესებს არ მივყავართ ერებს შორის პარტნიორობის გაღრმავებამდე

ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო იმ პატივცემული საზოგადოების მიმართ, რომელიც ჩვენთვის და ვიმედოვნებ თქვენთვისაც ამ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიას ესწრება.
საუბარი შეეხება საქართველოს - ქვეყანას, რომელიც პოლონეთთან არც ისე ახლოს  მდებარეობს, მაგრამ ფასეულობები ბევრი აქვს საერთო, გარკვეულწილად წარსულიც და, იმედია, მომავალიც.
საუბარი უნდა დავიწყო იმ ფაქტით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ დაგეგმილ კიდევ ერთ სამწუხარო ნაბიჯს.
ერთი თვის, ან ცოტა მეტი ხნის წინათ, ჩვენ შევიტყვეთ, რომ რუსეთი ხელს აწერს ე.წ. ხელშეკრულებას  აფხაზეთთან - საქართველოს ენდემურ ნაწილთან, რომელიც ოკუპირებული იყო 2008 წელს. ახლა ოფიციალური პირებისგან გავიგეთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, რომელიც ასევე საქართველოს ცენტრალური რეგიონი - ჩვენი ქვეყნის ენდემური ნაწილია და ასევე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აპირებს ხელი მოაწეროს ანალოგიურ ხელშეკრულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის მშვიდობიანი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; ქვეყნისა, რომელიც ეფუძნება საერთო   მომავალს, საერთო მიზნებს, მაგრამ მუდმივი ზეწოლისა და საფრთხის ქვეშ იმყოფება და ისჯება საკუთარი თავისუფალი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკისთვის, რომელიც მიმართულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ნება მომეცით, შევაჯამო ეს სამწუხარო და სრულიად მიუღებელი პოლიტიკური პროცესი. მინდა ვისაუბრო იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩემს ქვეყანაში ბოლო წლის  განმავლობაში განვითარდა. ასევე მსურს გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს რეგიონში.
უპირველესად, უნდა ითქვას, რომ 2014 წელს საქართველომ ბევრს მიაღწია. ეს განპირობებულია როგორც ჩვენი ქვეყნის ძალისხმევით, ისე ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ძალიან შთამბეჭდავი და კოორდინირებული თანამშრომლობით.
ნება მომეცით, საუბარი დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტით - ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირთან, რომელსაც ხელი ამ ზაფხულს მოვაწერეთ. ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩემს ქვეყანას და ეს არის წინ გაგადგმული ნაბიჯი სახელმწიფოსთვის, რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს და ხედავს ევროპული კულტურის, ევროპულ ერთა ოჯახის ნაწილად.
ეს შეთანხმება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის ნაწილი, გაფორმდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან და ქმნის დიდ შესაძლებლობებს ჩვენი თანამშრომლობისათვის, რადგან რეალურ გზას ხსნის და აყალიბებს როგორც ვაჭრობის, ტურიზმის, ურთიერთდაკავშირებულ საერთო პოლიტიკას, ისე რეფორმების პროცესს, რომელიც გავლენას მოახდენს საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ქართველი ხალხი მოხარულია, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისაკენ.
იმ ეტაპზე, საქართველომ ასევე განაცხადა, რომ ეს ჩვენთვის საწყისი ნაბიჯია და შემდგომი და საბოლოო ევროკავშირში  გაწევრიანება იქნება.
ვიცი, რომ დღევანდელ ეტაპზე ყველა არ არის აღფრთოვანებული ევროკავშირის გაფართოებით, თუმცა ჩვენ ნათლად დავისახეთ მიზნები და ამოცანები და ვიმოძრავებთ იმ პროცესების მიმართულებით, რომლებიც დაკავშირებულია და ვითარდება ევროპაში.
შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ მეგობრებთან ერთად გადადგა, ნატო-ს უელსის სამიტის შედეგები იყო. შევთანხმდით, რომ საქართველო ნატო-სთან ერთად განახორვიელებს შემუშავებულ პროგრამას – პაკეტს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს.
უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ნატო-სთან მიმართებაში, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველომ, როგორც ქვეყანამ, ძალიან ბევრი რამ გააკეთა და საკუთარი წვლილი შეიტანა ნატო-ს მისიებში; საქართველო, ტრადიციულად, ახლაც მონაწილეობს ISAF-ის მისიაში და ამ პროცესში უდიდესი კონტრიბუტორია ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.
ჩვენი ქვეყანა ასევე მონაწილეობს ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის  რესპუბლიკაში.
ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას ISAF-ში „გადამწყვეტი მხარდამჭერი“ მისიის ფარგლებშიც.
ასე რომ, გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაში წვლილის შეტანასთან ერთად, გვჯერა, რომ ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ ამ უსაფრთხოებისა და მშვიდობის მომხმარებლებიც და ამ კონტექსტში, უელსის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები, ნატო-ში არსებული გარკვეულწილად კონსერვატიული გარემოს გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არის წინგადაგმული და ჩვენ მასზე უნდა ავაშენოთ.
2014 წელს ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონალური თანამშრომლობის მიმართულებით და აქედან გამომდინარე, გავზარდეთ რეგიონში არსებული პროექტები, რომლებიც ჩვენი ენერგოუსაფრთხოების პროექტების განვითარებისა და გაღრმავებისათვის მოიცავენ როგორც კასპიის აუზის ქვეყნებს, კერძოდ, აზერბაიჯანს, ისე თურქეთს. 
ეს პროექტები, მჯერა, ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ მასში მონაწილე რეგიონის ქვეყნებისათვის და წვლილს შეიტანენ არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდასა და სტაბილურობაში, არამედ ასევე ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი  პარტნიორებისათვის როგორც ევროპაში, ისე ცენტრალურ აზიაში.
ამ პროექტების წარმატებული განვითარება შესაძლებლობას ქმნის ეფექტიანი, ნაყოფიერი და ხანგრძლივი კავშირისათვის კასპიის აუზის ქვეყნებსა და, ძირითადად, შავი ზღვას შორის, რაც, თავისთავად, გულისხმობს კავშირს ევროპასთან.
ამ თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი, სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ასევე ყველა ის მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ვაწარმოებდით, ქმნის ეფექტიან შეისაძლებლობას ევროპულ-აზიური თანამშრომლობისათვის და საქართველო გახდება „კარიბჭე“ როგორც აზიის მრავალი ქვეყნისთვის, ისე შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და ევროპისათვის.
რეალურად, როდესაც ვლაპარაკობთ ამ პროექტებზე, შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვათ, რომ 2014 წელს შავ ზღვას ახალი დატვირთვა მიეცა და მას შეგვიძლია ვუწოდოთ ევროპული პარტნიორობის, ევროპული ზღვა. 
როდესაც ჩვენ ვხედავთ აკვატორიის გარშემო არსებულ ქვეყნებს, ვხედავთ რომ ეს არის საქართველო, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ეს არის უკრაინა, რომელმაც ასევე გააფორმა ასოცირების შეთანხმება, არის ის სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრებს, ასვე თურქეთი, რომელსაც ევროკავშირთან აქვს განსაკუთრებული და ძალიან ახლო ურთიერთობა განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში და, რა თქმა უნდა, ეს კავშირი აქვს რუსეთთან.
ამ თვალსაზრისით, მცდელობა უბიძგო და ისაუბრო შავი ზღვის თანამშრომლობისკენ,  როგორც ახალი ტიპის ევროპულ პარტნიორობას, რომლის მეშვეობითაც ევროპას აქვს სარგებელი, აძლიერებს პარტნიორულ კავშირებს, ადვილად მისაწვდომი ხდება, მათ შორის პროექტების განხორციელების მხრივ, სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ შავი ზღვის აუზის იმ ქვეყნებს, რომლებიც უკავშირდებიან ამ „კარიბჭეს“, არამედ იმათაც, რომლებიც საქართველოს გავლით უკავშირდება სხვა სანაპიროებს.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგაგადგმული ნაბიჯი, რომელსაც რეგიონალური თანამშრომლობისა და შესაბამისად, კავკასიის სტაბილურობის ძალიან საინტერესო პერსპექტივა აქვს.
ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ქვეყანა გახდება მონაწილე და დაინტერესდება საქართველოზე გამავალი ურთიერთკავშირით, იქნება ეს შავი თუ კასპიის ზღვებს, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთს შორის, რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩაებმება ამ თანამშრომლობაში, მით მეტად იქნება უზრუნველყოფილი რეგიონის მომავალი სტაბილურობა.
რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ შავ ზღვაზე, ჩვენ განვიხილავთ მას მთელი მისი კონცეფციით, როგორც ევროპის პარტნიორობის ზღვას, რომელსაც 2014 წელს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ვიცით, რომ ყირიმი ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
ჩვენ ვაცნობეთ საერთაშორისო საზოგადოებას დამათგან, რეალურად, მივიღეთ ეფექტიანი და მხარდამჭერი პასუხი იმ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
ნათელია, რომ პროცესებს, რომელიც განვითარდა ამ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ, სამწუხაროდ, არ მივყავართ ერებს შორის პარტნიორობის გაღრმავებამდე.
ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან.
რელურად, ჩვენი პოლონეთში - ერთან რომელმაც ტრადიციულად ბევრი გააკეთა საქართველოსათვის, ყოფნის ერთ-ერთი მიზანი არის შევადგინოთ პროგრამა მომავალი პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესებისათვის. პოლონეთს აქვს ევროპულ პროცესში მათი ჩაბმულობის ძალიან საინტერესო გამოცდილება. მათი გამოცდილება დაკავშირებულია ძალიან რთულ საშინაო დავალებასთან, რომელიც წლების მანძილზე სრულდებოდა როგორც ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, ისე მეტად აქტიური და სწრაფი  მოქმედების მზაობისათვის უფრო ფართო შესაძლებლობების არსებობისას.
ამ მიმართულებით ჩვენ ვცდილობთ და გვსურს გავითვალისწინოთ რამდენიმე განსაკუთრებული პოლონური გამოცდილება.
ჩვენ გვაქვს პოლონელი ლიდერების მხარდაჭერა, შევქნათ თანამშრომლობის ქმედითი და, ძირითადად, უწყვეტი ფორმატი;
საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოებს შორის უკვე გაფორმდა მუდმივი თანამშრომლობის ხელშეკრულება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ანალოგიური პროცესი გაძლიერდება ყველა დონეზე.
ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა პოლონეთის პარლამენტში, რომელსაც საქართველოსთან მეგობრობის დიდ ჯგუფი აქვს, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტში  ჩამოყალიბებულია ძალიან შთამბეჭდავი საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი.
ასე რომ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ყველა დონეზე, რაც უზრუნველყოფს „საშინაო დავალების“ ეფექტიან შესრულებას, რათა მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს -   ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას.
თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე დავინახავთ აღმოცენებულ საფრთხეებს, რომლებმაც ჩამოყალიბებული სახე 2014 წელს მიიღეს:
ვხედავთ უკრაინის მოვლენებს, რომლებიც მიგვაჩნია რუსეთის იმ პოლიტიკის გაგრძელებად, რომელიც 2008 წელს საქართველოში განვითარდა; ასევე ვხედავთ ყირიმის ანექსიას; ვხედავთ რუსეთის ფედერაციის იმ საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც,  ძირითადად, მიზანმიმართულია მეზობელი ქვეყნებისკენ, სადაც მათ სამხედრო ძალის გამოყენებით პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის უფლება აქვთ.
მეტად სატირულ ფორმატში ყოველივე ამას „პრივილეგირებული ინტერესების ზონების პოლიტიკა“ ქვია, მაგრამ თუ უფრო რეალისტურ ტერმინებს გამოვიყენებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ერებს, ან ყოფილი რუსეთის იმპერიის ერებს არ აქვთ თანასწორობის უფლება და ისინი აღქმული უნდა იყოს როგორც დაქვემდებარებული. მათი „არასწორი“ ქმედების შემთხვევაში კი, სწორ გზაზე, ასე ვთქვათ, „დამსჯელობითი რაზმი“ ანუ სამხედრო ძალა დააბრუნებს.
ეს არის გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
გუშინ აქ, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად განვიხილავდი, რომ ეს ერები ცხოვრობენ იმის შიშით, რომ პატარა „შეცდომაც“ საბედისწერო არ აღმოჩნდეს, რადგან თუკი მათ პოლიტიკაში მსგავსი რამ მოხდება, მყისიერად, საკუთარ საზღვრებთანვე დაისჯებიან სამხედრო ოპერაციების მეშვეობით.
ეს კარგს არავის მოუტანს. ჩვენ ვერ ვპოულობთ არგუმენტს, მიზეზს, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ამ პოლიტიკის ლეგიტიმაციას.
ყოველივე ეს სარგებელს არ მოუტანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ხალხს, რადგან მათი ცხოვრება, გარკვეულწილად, გაურკვეველ მომავლად გადაიქცა; იმ ქვეყნების მომავლად, რომლებმაც ვერ იპოვეს საკუთარი იდენტობა საერთაშორისო პროცესში; ეს არის მომავალი, რომელიც უკავშირდება არაკონტროლირებად ტერიტორიებს, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ეს არის საშინელი ტრაგედია ისეთი დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, რადგან მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა საფრთხეშია და ამის ერთადერთი მიზეზი მათივე თავისუფალი არჩევანია. 
მოაქვს ამ ყოველივეს რაიმე კარგი რუსეთისთვის? ჩვენ არ გვაქვს ამის რეალური არგუმენტები, რადგან რუსეთი ამ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ქმნის „ჯიბეებს“ საკუთარი საზღვრების გარშემო; ქმნის ყველა იმ საფრთხეს, რომელიც უკავშირდება უკონტროლო კვაზი-სახელმწიფოების არსებობას იმ ერის საზღვრებთან, რომელსაც იმავე რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი მეზობლობა და თანამშრომლობა სურს ერთადერთი პირობით - მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული და დაცული იქნება.
ასე რომ, ამ პოლიტიკით გამოსავალს ვერ ვნახავთ.
ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს და ვხედავთ საფრთხეებს, რომლებიც გარკვეულწილად ხელახლა შეიქმნა 2014 წელს.
ასევე ვხედავთ ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც ცდილობენ შექმნან პოლიტიკა ამ მიმართულებით; ცდილობენ ჰქონდეთ სრულყოფილი, ერთიანი პოლიტიკა, მაგრამ ეს ყოველთვის საკმარისად ეფექტიანი არ არის.
ხანდახან ყოველივე ამას წლები სჭირდება. ოკუპაციისა თუ აგრესიის ეს ფაქტები ერთობლივად უნდა შეფასდეს ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ. ეს კი ყოველთვის სწრაფად არ ხდება.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთში ყოველთვის გვაქვს ერთიანი შეხედულება და ახლაც, აფხაზეთის შემთხვევაშიც, პოლონელები ერთ-ერთი პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც ხმა აიმაღლა  აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების დაუშვებლობის შესახებ... ეს არის ის, რასაც პასუხად ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება.
ასე რომ, როდესაც ლაპარაკია 2015 წლის შესახებ, ყველა ამ სირთულისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს პერიოდი იქნება გადამწყვეტი და შედეგის მომტანი სირთულეების დაძლევის თვალსაზრისით.
ყველა ვიმედოვნებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს შედეგები იყო რაციონალური, მშვიდობიანი და იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც იღწვიან გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სასარგებლოდ, ასევე იმ ხალხების პერსპექტივისა და უკეთესი მომავლისათვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა თუ პოლონეთში.
მწამს, რომ 2015 წელი ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. მჯერა, რომ ეს პასუხები იქნება პოზიტიური და რაციონალური და საქართველო, როგორც ამ პროცესის ნაწილი, ჩაბმული იქნება, უპირველეს ყოვლისა,  ჩვენი ეროვნული ინტერესების, რეგიონალური უსაფრთხოების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და მეზობლებისა და მოკავშირეების ინტერესების გათვალისწინებით მომავლის დაცვის საქმეში.
 
გმადლობთ!