საქართველოს პრეზიდენტი სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო


საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
 
მსახურების დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქი ტაძარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ დღეს სრულიად საქართველო გლოვობს.
 
პანაშვიდის დასრულების შემდეგ პატრიარქი ამბიონზე აბრძანდა და ერი დალოცა. ამბიონზე პატრიარქთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა გამო:
 
"ამ ძნელბედობის ჟამს, თქვენ როგორც ყოველთვის გვანუგეშებთ და მომავლის იმედს გვაძლევთ. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილთა უმანკო სულები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.