საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის პრეზიდენტს იუბილეს ულოცავს


მის აღმატებულება,
 
ბატონ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს
 
თურქმენეთის პრეზიდენტს

 
თბილისი, 29 ივნისი 2015 წელი
 
 
 
პატივცემულო პრეზიდენტო,
 
გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით.
 
ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი სახელმწიფოებრივი საქმიანობა საკუთარი ხალხისადმი თავდაუზოგავი მსახურების მაგალითია. თქვენი ბრძნული ხელმძღვანელობით ქვეყანაში მრავალმხრივ ვითარდება სახელმწიფო ინსტიტუტები, მყარდება თურქმენი ხალხის სტაბილურობა და კეთილდღეობა.
 
ნება მიბოძეთ გამოვხატო გულწრფელი მადლიერება თქვენი პირადი ღვაწლისთვის ჩვენს სახელმწიფოთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. მჯერა, რომ ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელსაც საქართველო და თურქმენეთი ფლობს, მომავალში უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის ქვაკუთხედი გახდება.
 
თბილისში ჩვენი მომავალი შეხვედრის მოლოდინში, დარწმუნებული ვარ, რომ პირად საუბარში ორმხრივი ურთიერთობის მეტად აქტუალურ საკითხებს, თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს განვიხილავთ და ჩვენს სახელმწიფოთა და ხალხთა შორის ახალ პერსპექტიულ და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებს დავსახავთ.
 
ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთველობას, ბედნიერებასა და წარმატებას თურქმენეთის საკეთილდღეოდ.
 
პატივისცემით,
 
გიორგი მარგველაშვილი