საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს კარნეგის ფონდს ეწვია

სახელმწიფოს პირველმა პირმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში პირისპირ შეხვედრა კარნეგის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსია გაიმართა.
 
გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ამ ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობების მნიშვნელობა.
 
საუბარი შეეხო მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობას.
 
ყურადღება ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და რუსეთ -საქართველოს კონფლიქტზე გამახვილდა.
 
დისკუსიაში მონაწილეობას ქართული დელეგაციის მხრიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები იღებდნენ.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტი კარნეგის ფონდში სტუმრობით დაასრულა.