საქართველოს პრეზიდენტი ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოვიდა

მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადოებას ამ შესანიშნავ გარემოში. ვფიქრობ, ვილსონის ცენტრი მსოფლიოში გამორჩეული ადგილია სტუმრობისათვის, დისკუსიისა და მოსაზრებების გაზიარებისათვის, რამეთუ ჩემი მიზანი და ჩვენი ყველა საერთაშორისო აქტივობების მიზანი  საერთაშორისო ურთიერთობების ვილსონისეული პრინციპების ამოქმედებისაკენაა მიმართული, რაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში კანონის უზენაესობის ამოქმედებას ნიშნავს.
 
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოების არსებობა და მსოფლიოს რუკაზე ადგილის დამკვიდრება პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობის იმ ღირებულებებს, რომლებზეც ვუდრო ვილსონი საუბრობდა და რომლებიც ადამიანებმა გაიზიარეს ორი მსოფლიო ომის შემდეგ.
 
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ამ პრინციპების ღრმა რწმენა აქვს და მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები, ქვეყნებს შორის კონსენსუსი, სწორედ, ამ პრინციპებიდან გამომდინარე ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.
 
საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. მე მჯერა, რომ ჩემს ქვეყანას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი და გავლენას ახდენს კავკასიის რეგიონზე და ზოგადად, ევრაზიის კონტინენტზე.
 
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აბრეშუმის გზის შუაში; ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვის აუზსა და შავი ზღვის აუზს.
 
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ანუ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, საქართველო საკუთარ თავს განიხილავს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია შესაძლებლობების შექმნა მთლიანად რეგიონისათვის. ჩვენ მივისწრაფვით ამ მიზნისკენს, გვყავს ძალიან სანდო პარტნიორები და ვცდილობთ, უფრო მეტად განვვითარდეთ ამ მიმართულებით.
 
აბრეშუმის გზის პროექტს საქართველო შესძენს მეტ სტაბილურობასა და კომუნიკაციის კარგ შესაძლებლობებს.
 
შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მისი მიღწევების გაზრდა, ძლიერი დემოკრატიის განვითარება იქნება გადამწყვეტი მთლიანად რეგიონისათვის.
 
ჩვენ ვაწყდებით დიდ პრობლემას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნების გზაზე. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რუსეთის ფედერაციამ, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და მოახდინა მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.
 
2008 წელს, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილის ოკუპაცია, აღიარა ისინი კვაზი სახელმწიფოებად და აგრძელებს თავის მოქმედებას ამ მიმართულებით.
 
ცხადია, რომ აღნიშნული არ არის მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნაწილი. რუსეთის ქმედებები გამომდინარეობს მისი საგარეო პოლიტიკიდან, რომელიც მის მეზობელ სახელმწიფოებს მიაკუთვნებს პრივილეგირებული ინტერესის ზონას.
 
საქართველოში მომხდარი 2008 წლის მოვლენები და უკრაინის მოვლენები 2014 წელს არის ერთი და იგივე ისტორიის ნაწილი, რაც დაკავშირებულია რუსეთის გეოპოლიტიკურ მიდგომასთან. ამ მიდგომით რუსეთი უფლებას აძლევს საკუთარ თავს ჩაერიოს თავისი მეზობლების საქმეებში თუნდაც სამხედრო გზით.
 
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ზიანი მიიღეს ამ მიდგომის შედეგად და შეექმნათ ტერიტორიული პრობლემები. ამის მთავარი მიზეზი არის ხსენებული სახელმწიფოების გადაწყვეტილება თავად აირჩიონ განვითარების გზა და ორიენტაცია იმ უფლებების ჩარჩოებში, რომლებიც მათ მიენიჭათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და რომლებიც დაცულია საერთაშორისო სამართლით.
 
შევაჯამებ ჩემს მოკლე პრეზენტაციას, რათა დისკუსია უფრო ინტერაქტიული გახდეს. მე მჯერა, რომ ჩვენი მოქმედება მიმართულია იმ პრინციპების ძალიან მყარი მხარდაჭერისაკენ, რომლებიც საფუძვლად უდევს საგარეო პოლიტიკას, რაც ერებს შორის ურთიერთობისას ასევე გულისხმობს კანონის უზენაესობის აღიარებას.
 
ჩვენ ვხვდებით, რომ ეს კანონები ისე არ მოქმედებს, როგორც სოციალური სამართალი, ან სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ჩვენი მოწოდებაა მოვუხმოთ საღ აზრს ამ წესების გამყარებისათვის.
 
ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ამ ადგილას, რომელიც ასოცირდება ვუდრო ვილსონის სახელთან და მის პრინციპებთან და ღირებულებებთან. დიდი მადლობა და მზად ვარ თქვენი შეკითხვებისათვის.
 
 
 
კითხვა: მინდა შევეხო იმ პრობლემას, რომელსაც თქვენ უწოდეთ რუსეთის აგრესია. მე მახსოვს თუ რა მოხდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. თქვენ ახსენეთ, რომ ამერიკის კონგრესი და მთავრობა უნდა გეხმარებოდეთ არაღიარების პოლიტიკის გატარებაში. გთხოვთ რამდენიმე სიტყვა გვითხრათ ამის შესახებ.
 
გიორგი მარგველაშვილი: პირველ რიგში უნდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ამერიკის სახელმწიფოს მიმართ მათი მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ფორმატებსა და არაღიარების პოლიტიკაში.
 
აღნიშნული პოლიტიკა მიმართულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მცდელობის დაბალანსებისაკენ, რომლის მიზანიც ამ ე.წ. სახელმწიფოების შექმნით ოკუპაციის ლეგიტიმაციაა. ამერიკა ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს ეს პოლიტიკა.
 
ჩვენი დიდი ხანია ვმუშაობთ ამ მიმართულებით და წარმატებულადაც, რადგან საქართველოს პრაქტიკულად ერთსულოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით, რაშიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდ როლს თამაშობენ.
 
თუმცა, საჭიროა უფრო მტკიცე პოზიცია და რუსეთის ქმედებების დაგმობა, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში იმ მტკიცე პოზიციის დაცვით, რომ ამერიკა არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ამგვარ დარღვევას, რომ რუსეთის სცენარს, აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, განხორციელება არ უწერია.
 
ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა შეხვედრაზე. აღნიშნული დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს და რამეთუ, უფრო გააძლიერებს საერთაშორისო ღირებულებების დაცვას.
 
ჩემი აქ ყოფნის ერთერთი მიზეზი არის ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის განხილვა, რომელსაც პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი მხარს უჭერდნენ სამი წლის წინ.
 
ამ მიმართულებით უნდა განახლდეს ქმედებები. გასულ წლებში ჩვენი მთავარი მიღწევა იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, რომლითაც დავიწყეთ ჩვენი ეკონომიკის, მისი სტანდარტების, პროცედურების, კანონმდებლობის რეფორმირება და ევროკავშირის სტანდარტებისკენ სწრაფვა.
 
საქართველოს აქვს ძალიან თავისუფალი და ღია სავაჭრო პოლიტიკა, რაც ბუნებრივია იმ ქვეყნისათვის, რომელიც ცდილობს შეასრულოს სატრანზიტო ფუნქციები. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ მიზნების შესრულების საქმეში.
 
ჩვენ შევქმენით და ვაფართოვებთ ბიზნესის კეთების ევროპულ ფორმატს. ამ ევროპულ სივრცეში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გააკეთებს ინვესტირებას. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რუსული და დასავლური ინვესტიციები ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის თავისუფალი საინვესტიციო გარემო, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომელიც გამორიცხავს ამგვარ კონფლიქტებს.
 
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდი, ამ გარემოს უფრო ცივილურსა და პროდასავლურს გახდის.
 
კითხვა: როგორც პრეზიდენტი როგორი მემკვიდრეობის დატოვებას ისურვებდით?
 
გიორგი მარგველაშვილი: ძალიან კარგი შეკითხვაა ჩვენი შეხვედრის დასასრულისათვის. მე მსურს, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარება გადავიდეს ახალ ეტაპზე და გახდეს უფრო სტაბილური. მინდა, რომ ჩემი სახელი ასოცირდებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასთან.
 
საჯაროდ, მე მსურს, რომ ხელი შევუწყო კანონის უზენაესობის უფრო განმტკიცებას და საზოგადოებაში მის უფრო მყარ დანერგვას.
 
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არ ვაპირებ მომავალში გაწევრიანებას, მინდა, რომ ჩემი სახელი ასოცირდებოდეს პოლიტიკური პარტიების განვითარებასთან, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.
 
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს კონფრონტაცია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. გვინდა ისეთი პოლიტიკური პარტიების არსებობა, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეოლოგია და იქნებიან უფრო სტაბილურები.
 
დიდი მადლობა.