საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე მსჯავრდებულ ქალთა შეწყალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება:-  მას შემდეგ,  რაც საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა,  ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.
 
საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აქტივობის შედეგად, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ქალთა როლი უფრო მეტად გაძლიერდა.
 
ქვეყნის პირველი პირი  აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას, ასევე, სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებას, პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს ქალთა საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში.
 
მოგეხსენებათ, რომ  საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად დღეს საქართველოში უვადო  მსჯავრდებული  ქალი აღარ არსებობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59  მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს 250 ქალი მსჯავრდებული იხდის.
 
საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და ინიციატივას.
 
გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიასთან ერთად ყურადღებით გაეცნობა კონკრეტულ ხედვებს, თუკი ასეთი იქნება წარმოდგენილი.