საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N227

NN 227     2014 წლის     10  ივნისი      ქ. თბილისი
 
უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე
 
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ თანდართული დებულება.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998  წლის 25 ივნისის N387 ბრძანებულება.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
  • მარგველაშვილი
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
                                                                                    2014 წლის  10 ივნისის
N  227  ბრძანებულებით
 
უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულება
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლს, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლს.
2. საქართველოს პრეზიდენტი თავშესაფარს აძლევს უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს (ამ დებულების მიზნებისათვის შემდეგში - უცხოელები), რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნის მომენტისათვის არ იმყოფებიან საქართველოში და მათი მოქალაქეობის ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში იდევნებიან რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
3. ეს დებულება განსაზღვრავს უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ განცხადების მიღების, განხილვისა და  უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, შეწყვეტის ან გაუქმების წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
4. თავშესაფრის მიღების საკითხით დაინტერესებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, საჭირო პროცედურების შესრულებასა და საქართველოს პრეზიდენტისათვის სათანადო მასალის მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდეგში - სამინისტრო).
მუხლი 2. თავშესაფრის მიღების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. თავშესაფრის მაძიებელი თავშესაფრის მიღების შესახებ  განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
2. თავშესაფრის მაძიებელს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში, ხოლო მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ასეთის არარსებობის შემთხვევაში - შეუძლია ფოსტით გაგზავნოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
3. განცხადება თანდართული დოკუმენტაციით მიიღება ქართულად ან ქართულენოვანი თარგმანის სახით (თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით). თუ ეს შეუძლებელია, განცხადება თანდართული დოკუმენტაციით მიიღება ინგლისურად ან ფრანგულად.
4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებული არიან თავშესაფრის მიცემის შესახებ შემოსული განცხადებები და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები რეგისტრაციაში მიღებიდან ერთ თვეში წინასწარი განხილვისათვის გადაუგზავნონ სამინისტროს.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათი დღის განმავლობაში განცხადებას თანდართული დოკუმენტაციით უგზავნის სამინისტროს.
6. თავშესაფრის მიღების საკითხებზე განცხადება მიღებულად ითვლება სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
7. თავშესაფრის მიცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან ოთხ თვეში.
8. სამინისტრო თავშესაფრის მიცემის საკითხთა განხილვისას თავშესაფრის მაძიებელს განუმარტავს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებსა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს.
9. თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა კონფიდენციალურია.
მუხლი 3. თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები
1. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტების ასლები.
2. თავშესაფრის მაძიებელი დამატებით წარადგენს: სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, საავტორო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, დიპლომს, პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელ საბუთს და სხვ.
3. თავშესაფრის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. სამინისტროს უფლება აქვს თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლისაგან გამოითხოვოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტები.
მუხლი 4. თავშესაფრის მიცემის შესახებ განცხადების განხილვა
1. თავშესაფრის მიცემის შესახებ განცხადებას განიხილავს და საქართველოს პრეზიდენტისათვის მასალას ამზადებს სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო (შემდეგში - სამმართველო).
2. განცხადების განხილვისას სამმართველოს უფლება აქვს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გაესაუბროს თავშესაფრის მაძიებელს  და მიიღოს მისგან განცხადების განსახილველად საჭირო დამატებითი ინფორმაცია, ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიიღოს საქმის განხილვისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
3. თავშესაფრის მიცემის შესახებ განცხადების განხილვის დროს მხედველობაში მიიღება თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე მისი პიროვნება და ჩატარებული გასაუბრების შედეგად მიღებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. მოპოვებული მასალის საფუძველზე, სამმართველო ადგენს მოტივირებულ დასკვნას განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ.
5. თავშესაფრის მაძიებლის განცხადება, თანდართული მასალა და სამინისტროს დასკვნა სამ თვეში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
6. თავშესაფრის მიცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. თავშესაფრის მიცემაზე თავშესაფრის მაძიებლისათვის უარის თქმის საფუძველია „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
8. პრეზიდენტი უფლებამოსილია ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლისათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ.
მუხლი 5. თავშესაფრის მიცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების აღსრულება
1. თავშესაფრის მაძიებლის რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა ხორციელდება სამინისტროში.
2. თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება  სამინისტროს ეგზავნება ერთ თვეში.
3. სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ სამ დღეში უგზავნის თავშესაფრის მაძიებელს და იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, საიდანაც მიღებულ იქნა განცხადება.
4. თავშესაფრის მიღების შესახებ უარი თავშესაფრის მაძიებელმა გადაწყვეტილების შეტყობინებიდან ათ დღეში შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავშესაფრის მაძიებლისათვის თავშესაფრის მიცემის შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ამ პირის საქართველოში ჩამოსვლას.
6. თავშესაფრის მიცემის საკითხთა განხილვასთან დაკავშირებული მასალა ინახება სამინისტროს არქივში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. თავშესაფრის მქონე პირის უფლებები და მოვალეობები
1. თავშესაფრის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) ოჯახის წევრებთან ერთად  იცხოვროს საქართველოში და თავისი სურვილის წინააღმდეგ არ იქნეს დაბრუნებული თავისი მოქალაქეობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში;
ბ) ნებაყოფლობით დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;
გ) ისარგებლოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარანტიებით.
2. თავშესაფრის მქონე პირს „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დროებითი ბინადრობის მოწმობა.
3. თუ თავშესაფრის მქონე პირს არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი და ასეთი დოკუმენტის მოძიება შეუძლებელია, „ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მას ეძლევა სამგზავრო დოკუმენტი.
4. თავშესაფრის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.
5. თავშესაფრის მქონე პირზე ასევე ვრცელდება „ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
მუხლი 7. თავშესაფრის მქონ პირისათვის სტატუსის შეწყვეტა და გაუქმება
1. თავშესაფრის მქონე პირს სტატუსი შეუწყდება, თუ :
ა) მოიპოვა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) ნებაყოფლობით ისარგებლა იმ ქვეყნის მფარველობით, რომლის ტერიტორიაც იძულებით დატოვა;
გ) მუდმივ საცხოვრებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ;
დ) აღარ არსებობს ის გარემოებები, რომელთა გამოც პირმა ითხოვა თავშესაფარი.
2. თავშესაფრის მქონე პირს სტატუსი გაუუქმდება, თუ მან თავის შესახებ განზრახ წარადგინა არასწორი ინფორმაცია ან ყალბი დოკუმენტები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოქმნის შემთხვევაში, სამინისტრო იწყებს თავშესაფრის მქონე პირისათვის სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების პროცედურას.
4. თავშესაფრის მქონე პირისათვის სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების პროცედურა ითვალისწინებს:
ა) პირის გაფრთხილებას აღნიშნული პროცედურის დაწყების და გასაუბრების ჩატარების შესახებ;
ბ) პირისათვის გასაუბრების ჩატარებას აღნიშნული პროცედურის დაწყებიდან ერთ თვეში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთ თვეში იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაწყების შემთხვევაში, პირი, რომელსაც აქვს თავშესაფრის მქონე პირის სტატუსი, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ინარჩუნებს ამ სტატუსის მქონე პირის ყველა უფლებას.
7. წერილობით შეტყობინებას თავშესაფრის მქონე პირის სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით, პირს სამ დღეში უგზავნის სამინისტრო.
8. პირი უფლებამოსილია სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. თავშესაფრის მქონე პირის სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში, პირი ვალდებულია დატოვოს საქართველოს ტერიტორია ერთ თვეში, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ საქართველოში ყოფნის სხვა კანონიერი საფუძვლები.