საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აფხაზეთის ვირტუალური არქივი ava.ge შეიქმნა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ვირტუალური არქივის, ava.ge-ს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
 
პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ არის დაფინანსებული და აფხაზეთით დაინტერესებული პირებისათვის ვირტუალური სივრცის შექმნას ისახავს მიზნად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
 
ვებგვერდზე დაცულია აფხაზეთის შესახებ საარქივო ინფორმაცია: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა;  ასევე საოჯახო არქივები.
 
ეროვნული არქივების და მუზეუმების მასალების გარდა, ava.ge პირად არქივებსაც აგროვებს; ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია საიტის ადმინისტრაციას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა მომხმარებლებისთვის გახდება  ხელმისაწვდომი.
 
საიტის პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა გახსნა. ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის თანაავტორი ლაშა ბაქრაძე.
 
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე :  
 
„აფხაზეთის ვებგვერდი კიდევ ერთი ნათელი გზავნილია აფხაზებისადმი და მთლიანად, საქართველოს მოსახლეობისადმი, თუ როგორ ხედავს ქართული სახელმწიფო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის წარსულსა და მომავალს. ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე მდგომარეობს სწორედ იმ მრავალფეროვნებაში, მთლიანობასა და ამ მთლიანობის ჰარმონიულ განვითარებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არა მხოლოდ ვაფასებთ, არამედ ვუფრთხილდებით კიდეც.
 
რამდენიმე თვეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის, ცხვინვალის რეგიონისა და საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიათა მიმართ ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ შევხვდით არაერთ ჯგუფს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებრივ ჯგუფებს; ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ჩვენი ერთობა მდგომარეობს იმაში, რომ მომავალში საქართველოს ვხედავთ, როგორც ერთიან, ევროპულ და განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად უფრთხილდება, ავითარებს და აფასებს საკუთარ ეთნიკურ მრავალფეროვნებას; ამ ერთიანობის ნაწილია ის ერთობლივი კონფერენციაც, რომელსაც ჩვენ მომავალში ვგეგმავთ.
 
ეს ვებგვერდი არის სწორედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რომელშიც ნათლად ჩანს, რამდენად ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ჩვენს მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას.”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამხვილა გაერო-ს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვება უწოდა.
 
„თქვენ იცით, რომ გაეროში კიდევ ერთელ დაფიქსირდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება. ქართული დიპლომატია საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. ახლა უკვე 75 ქვეყანა სწორედ ამ პრობლემის როგორც ჰუმანიტარულ, ისე ჰუმანურ ნაწილს ხედავს და გამოარჩევს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოსათვის. ქართული საზოგადოება ფიქრობს საქართველოს ერთიან, მომავალ ევროპულ განვითარებაზე და დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს, რომლებსაც სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს. ვიმედოვნებ, ეს რესურსი განვითარდება სხვა მიმართულებითაც და შესაძლებელი იქნება ანალოგიური პროექტი განვიხილოთ ოსებისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაშიც. ბუნებრივია, ეს ჩვენი მომავალია; დღეს თქვენ ხედავთ ამ მომავლის ვიზუალურ გამოსახულებას და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტ კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამ წარმატებას და მტკიცედ მწამს, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი წარმატება გველის.“-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
 
ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.