საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 06/03/01


N 06/03/01       2014  წლის     6  მარტი     ქ. თბილისი
 
 
 
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, 2014 წლის 6 მარტიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
 
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.
 
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.
 
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:
 
ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;
 
ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
 
გ) ავტობიოგრაფია;
 
დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 
ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
 
თ) სარეკომენდაციო წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
 
5. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, 2014 წლის 5 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
 
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნას საკონკურსო კომისია და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.
 
                                                                                                                                                                                       გიორგი მარგველაშვილი




საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 6 მარტის N06/03/01 განკარგულებით გამოცხადებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია:
 
 
 
1.      დავით წივწივაძე
 
2.      თემური ბერიანიძე
 
3.      ვახტანგ აბაშიძე
 
4.      სოფიო ხორგუანი
 
5.      ლია მუხაშავრია
 
6.      დავით თუთბერიძე
 
7.      ნათია კუპრაშვილი
 
8.      ნინო კიკნაძე
 
9.      ავთანდილ კახნიაშვილი